Accentnews.ge
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "სტატუსი საქართველოსაც ეკუთვნოდა, ეს გაუგებარი კრიტერიუმებია"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "სტატუსი საქართველოსაც ეკუთვნოდა, ეს გაუგებარი კრიტერიუმებია"

24/06/2022 13:47:05 პოლიტიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთის პოზიციით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მინიჭებოდა და კრიტერიუმები, რაც საქართველოს დაუწესა ევროპულმა საბჭომ „სრულიად გაუგებარია“.

"გუშინ ბრიუსელში ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. უნგრეთმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გვინდოდა, საქართველოსაც მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. [...] რაც შეეხება პირობების კრიტერიუმს, რაც განსაზღვრული იყო თქვენთვის გუშინ… რთულია მისი გააზრება და ზოგადია თავისი ხასიათით, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ აზრს მოკლებულია. მოდით ერთი მაგალითი განვიხილოთ: „პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა“. დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრებას გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ისინი პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტურ დროს. ამიტომ ეს სრულიად გაუგებარი, აუხსნელი კრიტერიუმი მგონია, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება", – განაცხადა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისი თქმით, საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს ეწინააღმდეგება.

"ეს გახლავთ კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა და ეს არის უპატივცემულობა საქართველოს მისამართით. კითხვა ისმის, რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ სიტუაციაში. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი დახმარება საქართველოს მისამართით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ საქართველო იმსახურებს, გახდეს კანდიდატი. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და ვეცდებით, ეს შეცდომა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S