Accentnews.ge
კიევის მიმართ ღარიბაშვილის ბრალდებებს უკრაინელი დიპლომატი პასუხობს

კიევის მიმართ ღარიბაშვილის ბრალდებებს უკრაინელი დიპლომატი პასუხობს

24/06/2022 15:19:53 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს "ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას. ამ განცხადებით უკრაინელმა დიპლომატმა უპასუხა ღარიბაშვილს, რომელმაც მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა ბრიუსელში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში. კერძოდ, როგორც ღარიბაშვილი 22 ივნისს ირწმუნებოდა, უკრაინის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, არ მინიჭებოდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამ კონტექსტში მან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ახსენა, თავად არახამიამ ბრალდებას "ფეიკი" უწოდა.

„მინდა, რამდენიმე კომენტარი გავაკეთო, რომელიც ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ადანაშაულებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს ბატონ არახამიას, რომ ის ცდილობს, მოახდინოს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსის ბლოკირება. უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას.

უკრაინა არ აცხადებდა, რომ მას აქვს ექსკლუზიური სტატუსი ან რაიმე უპირატესობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რიგში. საერთო მიზნები და ურთიერთმხარდაჭერა იყო ასოცირებული ტრიოს პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში, რომლებიც ერთი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი და არამეგობრული რიტორიკა სამართლიანად იწვევს გაუგებრობას, იმედგაცრუებას და ზოგჯერ უკრაინული მხარის აღშფოთებას. ასეთი აგრესიული განცხადებები არ შეესაბამება საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას და არანაირად არ ასახავს მეგობარი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას უკრაინას მიმართ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კასიანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს მოუწოდებდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ. მისივე განცხადებით, უკრაინა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არ ერევა.

„რაც შეეხება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებს, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების შეუძლებლობის თაობაზე, ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას.

მინდა, გავაკეთო კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ცდილობენ, საქართველო შეათრიონ რუსეთთან ომში და ასევე, გახსნან მეორე ფრონტი. მოგეხსნებათ, უკრაინას არასდროს მოუწოდებია არაფრისკენ და არანაირად არ ერევა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან, როგორც აგრესორ და ასევე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებით“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S