"გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა, არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს"
27/06/2022 07:23:36 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას "ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა აქვს".
მისი თქმით, "ხელისუფლება არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მისცემს საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს"
„ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას - გამოდის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე პრობლემა არის ყველგან. ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. ამას შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო მაღალი ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას. არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომელსაც ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა. წელს მთავრობის პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 6%-ით უნდა გაიზარდოს.


