Accentnews.ge
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე საპროტესტო პროცესზე არ ისაუბრა

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე საპროტესტო პროცესზე არ ისაუბრა

27/06/2022 07:39:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემირ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ნატო–სა და ევროკავშირის მიმართულებით ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თუმცა მიმდინარე საპროტესტო პროცესზე არ უსაუბრია.

"მინდა, გამოვყო რამდენიმე ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო:

  • პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ამის შემდეგ დადებითი დინამიკა გვაქვს - ევროკავშირში ვაჭრობა იზრდება და ჩვენს მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია გააქვთ ევროკავშირში, ყოველგვარი ბარიერის გარეშე.
  • მეორე მთავარი მიღწევა არის უვიზო რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე ქართული პასპორტით გადაადგილდება უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ასევე ძალიან ხელშესახები შედეგია.
  • მესამე - ახლა უკვე ევროპელი ლიდერების მიერ აღიარებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ანუ მათი გაცხადებული დაპირება, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

[...] ძირითადი მიღწევების გარდა, ევრორეგულაციების დაახლოებით 45%-ია შესრულებული, DCFTA-ის [ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება] ნაწილში უკვე 50%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული. ასევე, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები; პენიტენციური სისტემა; განათლება; მეცნიერება; ინოვაციები; სოფლის მეურნეობა; ტრანსპორტი; საჯარო სამსახურის რეფორმა; ენერგეტიკა; რეგიონული განვითარება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ასოცირების ხელმოწერით დამატებითი იმპულსი მიეცა ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის. ესენია - ERASMUS +; „ჰორიზონტი 2020“; „შემოქმედებითი ევროპა“; Frontex; Eurojust – ყველაფერი ეს არის ის, რაც ქვეყანამ ამ მოკლე დროში მოახერხა და მიიღო. ERASMUS-ის პროგრამაში მონაწილეობის მხრივ საქართველო იკავებს მე-6 ადგილს პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის. ეს არის რეალური ინტეგრაცია ევროპასთან და ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ნატო–ს, პრემიერის თქმით, "ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა ნატო–სთან ინტეგრაციის მიმართულებით":

„პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღეთ და ველოდებით, რომ მადრიდის სამიტზე შეფასებული, აღიარებული იქნება ყველა ის პროგრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში მიიღო. ჩვენს ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრები მექნება. მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო–სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ კრწანისში ნატო–სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გავხსენით და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, ჯარში აქტიური რეფორმები მიმდინარეობს, ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმების და ყველა ის დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან".

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე არაფერი თქვა მიმდინარე საპროტესტო პროცესზე, სადაც მისი გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა მოთხოვნილი.

ცნობისთვის: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების შემდეგ სახალხო მოძრაობამ, რომლის ორგანიზაებითაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციები იმართება, ორი მოთხოვნა გააჟღერა:

  • თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;
  • ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12–ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია განსაზღვრული, შეასრულებს.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S