ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია ახალი სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე
27/06/2022 08:13:14 პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი ეხმიანება ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნებს პრემიერის თანამდებობიდან გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის თაობაზე.
„გირჩის" წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს არასწორი მოთხოვნები აქვთ დაყენებული, რადგან, მისი თქმით, გაუგებარია საიდან ექნება ახალ ტექნიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია.
მისი თქმით, პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი და შემდეგ ახალი არჩევნები:
"30 წელია, ეროვნული თანხმობის მთავრობა ვერ შევქმენით და თურმე არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, "ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა?". „ქართული ოცნება" იმაზე წამოვა, რასაც ქართველი ხალხი აიძულებს, უბრალოდ, ქართველი ხალხი არ წამოვა იმაზე, რასაც აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, შესაბამისად, ვერანაირი წნეხი ვერ იქნება მთავრობაზე. „ენჯეოშნიკები" რომ მოიყვანონ მთავრობაში მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად? ეს ამ მოთხოვნებში არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან ეს მოთხოვნები არ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, პატივმოყვარეობა რომ გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი. პარტიები მოგვწონს თუ არა, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ლეგიტიმაცია ასე დგება, არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია, „სირცხვილიამ" რადგან თქვა, ეს ხალხი კარგი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?! [...] პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები", - განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას თანაპარტიელი სანდრო რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა ყველანაირი გაგებით სისულელეა".
"ეს არის გაუაზრებელი იდეა, რომელიც ჯერ გაახმოვანეს და შემდეგ მისი დაცვა დაიწყეს. არ ვიცი, ეს ყველაფერი რით დასრულდება, მაგრამ არანაირი ტექნიკური მთავრობა არ გვეყოლება. ყველანაირი გაგებით სისულელეა. რეკომენდაციები შესასრულებელია პარლამენტის მიერ, მთავრობა არაფერ შუაშია. ზოგიერთ ოპოზიციონერ კოლეგას ჰგონია, რომ თუ მთავრობა „დაითრია“, პარლამენტსაც გააკონტროლებენ, ეს ასე არ არის. რომც დავუშვათ, რომ მთავრობა ოპოზიციურია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის პირობებში გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი იქნება რამდენიმე კვირაში, პირველივე კანონპროექტის შემოტანისთანავე. სახელმწიფო ბიუჯეტს ვინ შემოიტანს, ტექნიკური მთავრობა? თუ კონსესუსია „ქართულ ოცნებასთან“ 12 რეკომენდაციაზე, 12 კანონი მივიღოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერი. მინისტრები რომ გადადგებიან, იგივე მოადგილეები იქნებიან, იგივე დეპარტამენტების უფროსები, თუ ხალხი უნდა გაყარონ? – ამ ყველაფრის რეალიზაცია ტექნიკურად წარმოუდგენელია. თუ იმის არ გჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციებს შეუთანხმებ, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც უნდა გაიტანო და მაქსიმალური რესურსი დახარჯო, რომ ახალი არჩევნები ჩაატარო და ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების შემდეგ სახალხო მოძრაობამ, რომლის ორგანიზაებითაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციები იმართება, ორი მოთხოვნა გააჟღერა:
- თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;
- ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12–ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია განსაზღვრული, შეასრულებს.
23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.


