Accentnews.ge
"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება"

"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება"

27/06/2022 08:34:46 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, ბოსნია და ჰერცეგოვინას და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები რეფორმებს განახორციელებენ. ამის შესახებ მან გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ გამართულ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა მიშელმა.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოსთან ერთად, ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყანაა. 2019 წელს ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინას 14 ძირითადი პრიორიტეტი განუსაზღვრა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის კუთხით. ქვეყანას ეს პირობები ჯერ–ჯერობით არ შეუსრულებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S