Accentnews.ge
რას პასუხობენ ქართველი პოლიტიკოსები არახამიას ბრალდებებს

რას პასუხობენ ქართველი პოლიტიკოსები არახამიას ბრალდებებს

27/06/2022 09:04:13 პოლიტიკა

უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“.

ქართველი პოლიტიკოსები არახამიას ბრალდებებს ეხმიანებიან და მას ფაქტების წარმოდგენისკენ მოუწოდებენ.

"რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც არაერთხელ მოგვისმენია, აქამდე ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რომელთაც არანაირი ფაქტები არ ამყარებს. დღესაც მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. როდესაც ნებისმიერი ადამიანი სხვას ბრალს სდებს, ეს უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. ამასთან, ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფო საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი შესაძლოა ეთნიკურად ქართული იყოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უცხოეთში ანგარიშები, დავითაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ერთი, რაც შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები".

„გირჩის“ წევრი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი არახამიას ბრალდებების მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს.

"ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც დავით არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, მას [არახამიას] სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს. [...] რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბით, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა - გაიზრდებოდა ნავთობის რეექსპორტი ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ "არახამიას განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება":

"არავის არ სჯერა ისეთი ადამიანების განცხადებების, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, რომელ სამშობლოსა და საერთოდ, ვის ემსახურება. რაც შეეხება მის რუსეთთან კავშირს, არახამიას რუსეთთან კავშირიც დადგენილია. არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ის, რომ საქართველოში პროვოკაცია და დესტრუქცია იყოს, ეს ვის ინტერესში შედის, ევროპის თუ რუსეთის? - ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს, რაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროდ, უკრაინის სხვა თანამდებობის პირების სამარცხვინო განცხადებაც ვიცით, რაც ვერ დაადასტურეს, თუმცა ამ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რაც ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა დაადგინეს და გვითხრეს, რომ იქნება დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ".

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ "არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტებისა და რეალობის, რომელიც გამოვლენილია".

„რამდენიმე თვის წინ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა განცხადება გააკეთეს, რომ ინფორმაცია არსებობდა, ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა სანქციების გვერდის ავლით ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავებულიყო. გვახსოვს, „ქართულ ოცნებას“ როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაციები რეალიზდება და დასტურდება. ვხედავთ, ჩრდილოეთ საბაჟოზე რამდენი მანქანა მიდის და თან კონტროლის გარეშე. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თურმე არანაირი რეგულაცია არ არსებობს სანქციების თავის არიდების და რაღაც მოდულებზე იყო საუბარი. პრაქტიკულად ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა თავიდან აღეკვეთა ასეთი უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ბუნებრივი იქნება, რადგან ივანიშვილია მთავარი იდეოლოგი, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ფედერაციის უკანა ეზო. დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტებისა და რეალობის, რომელიც გამოვლენილია. ფოთის პორტში სანქცირებული ნავთობით სავსე ტანკერის გაჩერებაც ამის ნათელი დადასტურებაა. სამწუხაროდ, საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს. პროგრესული სამყარო არ დაუშვებს, საქართველო სანქციების არიდების სივრცე გახდეს. სანქციებზეც იქნება საუბარი და კონკრეტულ ღონისძიებებზეც. ჩვენი ინფორმაციით, საბაჟო ტვირთი საქართველოდან გაედინება და პრაქტიკულად საქართველო გადაქცეულია „შავ ხვრელად“. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ასეთი რეაქციები. ეს განცხადებები იმიტომ კეთდება, რომ მათ აქვთ ინფორმაციები, საქართველოს გამოყენება ხდება – როგორც საბანკო სისტემის, ასევე ტერიტორიის და საბაჟო სივრცეების, რათა სანქციებიდან თავის არიდება მოხდეს. ამიტომ ლოგიკური იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით მიიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის: გუშინ დავით არახამიამ ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“. მისი თქმით, „მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე“. არახამია წერს, რომ „ივანიშვილი ჩართულია ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს, პირველი მოემზადოს. მალე ავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა“.

უკრაინამ მსგავსი ბრალდებები წარსულშიც გააჟღერა. ქართული მხარე კიევის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S