"ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ, 14-15 წელი სჭირდება, შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია"
27/06/2022 18:37:47 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ, 14-15 წელი სჭირდება, შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია".
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებას ისედაც დაწყებული ჰქონდა, წლის ბოლოს კი, ანგარიშს წარადგენს.
„ჩვენ ღირსეულად გვეჭირა თავი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს პირველად, ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ზუსტად ამ პოზიციონირების დამსახურება, დანარჩენი შევხედოთ მოვლენების განვითარებას. არის კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც წარმოდგენილია. ეს დღის წესრიგი ისედაც შეთანხმებულია ჩვენსა და ევროკავშირს შორის ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც ერქვა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. ისედაც დაწყებული გვქონდა ამ საკითხების განხილვა, ეს გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის წარვადგენთ ანგარიშს, როგორც ეს არის გათვალისწინებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს“, – განაცხადა კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.


