Accentnews.ge
  “ოცნების” 7 წელი: “დიდი გამარჯვებები და მიღწევები”, რომელიც არ ჩანს

“ოცნების” 7 წელი: “დიდი გამარჯვებები და მიღწევები”, რომელიც არ ჩანს

02/10/2019 14:45:52 თვალსაზრისი, ანალიზი

„ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის შვიდი წელი მიითვალა. თავად პარტიაში თვლიან, რომ განვლილი წლები გაჯერებული იყო „დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით“. მთავარ მიღწევად კი სახელდება მიმართულებები, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოება სწორედაც რომ კრიტიკულად აფასებს, კერძოდ -  საკონსტიტუციო, სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმები, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალეობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

მმართველი გუნდისგან კარდინალურად განსხვავებული შეფასებები აქვთ ექსპერტებს, ხოლო თუ საზოგადოებრივ კვლევებსა და სოციალურ ქსელს გადავავლებთ თვალს - საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც. სხვა თუ არაფერი, ყველა გამოკითხვის შედეგების თანახმად, უმუშევრობა და სიღარიბე პრობლემების TOP 5-ეულში ლიდერ პოზიციებს არ თმობენ.


„ეს ის რეფორმებია [„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული], რომელმაც ქვეყანაში დემოკრატია უნდა უზრუნველყოს. მაგრამ დემოკრატიაა, როდესაც არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენს შემთხვევაში კი მსგავსი ინსტიტუტები უბრალოდ არ არსებობს.  გარდა ამისა, კონსტიტუციაში, რომელიც იდეაში მმართველობის საფუძველია, არსად წერია, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი არის პარტიის თავმჯდომარე, თუმცა ჩვენს რეალობაში ეს ასეა. ამასთან, როდესაც კონსტიტუცია მიიღეს, მმართველი გუნდის წევრებმა თქვეს, რომ „ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც ცვლილება საერთოდ არ დასჭირდებაო“ და მას შემდეგ უკვე შევიდა ცვლილებები. თავად ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რამდენად “წარმატებული” იყო საკონსტიტუციო რეფორმა. აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს არ არის ის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. საერთოდ არსებობს კი რომელიმე სფერო, რომელსაც საზოგადოება და „ქართული ოცნება“ ერთნაირად წარმატებულად აღიქვამენ? მე ხსენებულ ჩამონათვალში ვერც ერთ მსგავს თემას ვერ ვხედავ“,- ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე აზრით, არსებულ ვითარებაში მმართელ გუნს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, სამი მთავარი “კოზირი” რჩება: „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობა, დანარჩენი ოპოზიციის სისუსტე და სახელმწიფო სტრუქტურები.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით,  მმართველი გუნდი შვიდი წლის იუბილეს მნიშვნელოვანი პრობლემებით, ქვეყანა კი სერიოზული გამოწვევებით ხვდება:


„საზოგადოებას დაჰპირდნენ, თუმცა ვერ მოახდინეს გარდატეხის მოხდენა ეკონომიკაში; მძიმეა ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმა ეროვნული ვალუტის კატასტროფიულმა გაუფასურებამ; იყო დაპირებული სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ესეც პრობლემად დარჩა; ძალიან შესუსტდნენ სახელმწიფო სტრუქტურები - გაიზარდა ბიუროკრატია; ამას ემატება არაფორმალური მმართველობა, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირი პარტიის თავმჯდომარეა  და ისიც პარტიის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში გახდა, მანამდე კი საერთოდ პროცესებს გარეთ იყო და ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს; პრობლემურია პრემიერ-მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან ხშირი ცვლა; ამას ემატება აპათია ამომრჩეველთა მხრიდან, რომლებიც „ქართული ოცნებისგან“ მეტს ელოდნენ; ძალიან დამძიმებულია მედიაგარემო - პოლარიზებულია, პოლარიზებულია საზოგადოება; მომძლავრდნენ მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები, რომლებიც ფაქტია, რომ ცუდ ურთიერთობაში არ არიან მმართველ გუნდთან... ამდენად, თუ სურათს მთლიანობაში შევხედავთ, ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს“.

მისი შეფასებით, 2020 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ვინაიდან უნდა გაირკვეს, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში მმართველი გუნდი, რომელიც მმართველობის შენარჩუნებისთვის იბრძვის, თუ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას:

„ქართული ოცნება“ ემზადება არჩევნებისთვის და ვფიქრობ, სწორედ ამას ემსახურება ბიძინა ივანიშვილის გასვლა რეგიონებში, რათა მოხდეს რეგიონული ორგანიზაციების გამაგრება. მათ ხელი მიუწვდებათ დიდ ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე, რომლის მსგავსიც სხვა პარტიებს არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყოველთვის არ იგებს არჩევნებს. არის იდეური და სხვა მომენტები. თუ საზოგადოებრივ კვლევებს დავაკვირდებით, მნიშვნელოვნად მეტია ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი და როგორც წინა არჩევნებმაც გვანახა, ეს კატეგორია ძალიან ხშირად მთავრობის საწინააღმდეგოდ აძლევს ხმას“.

რაც შეეხება ეკონომიკას, ეკონომისტი გიორგი პაპავა მთავარ პრობლემად მაღალი ეკონომიკური ზრდის არარსებობას ასახელებს, რის გამოც ქვეყანაში ახალი დოვლათი არ იქმნება, ამას კი როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორები განაპირობებს:   


„ვისურვებდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში მმართველ გუნდს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ჰქონოდა: ზოგიერთი ნაბიჯი მიმართული იყო იქით, რომ უფრო თავისუფალ ბაზარზე აშენებულიყო ეკონომიკა, მეტი თავისუფლება ჰქონოდა ბიზნესს, წინ წაგვეწია რეიტინგებში. თუმცა პარალელურად შემოვიღეთ ისეთი რეგულაციები, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, - იქნება ეს საბანკო სექტორში, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით თუ სხვა. იმის თქმა, რომ რომელიმე ამ რეგულაციას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, სწორი არ იქნება, მაგრამ მიდგომა, თუ საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა, მკაფიო არ არის:  გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქცენტი კეთდებოდა ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ პოლიტიკით ისე სწრაფად ვერ განვვითარდით, როგორც ველოდით. შემდეგ აქცენტი გადმოვიტანეთ განათლებაზე და პარალელურად ვცდილობთ, რაღაც დავალაგოთ სოციალური მიმართულებით. ახლა აღმოჩნდება, რომ არჩევნები გვაქვს და საარჩევნო წელს მის მოგებაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა ხდება. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა არ მოგვცა საშუალება, მნიშვნელოვანი გარღვევა გვქონოდა. გარღვევის გარეშე კი შეუძლებელია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორშიც მოქალაქეებს სურთ. გარღვევისთვის მნიშვნელოვანია, მცდელობები იყოს სწორედ ამ მიმართულებით. მიზანშეწონილია სარისკო ნაბიჯების გადადგმაც, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვერ ვხედავთ“.

ექსპერტებისთვის სახარბიელოდ არც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციონირება გამოიყურება.


„მახოვს ივანიშვილის განცხადება, „დიდი ქვეყნების კონფლიქტის მიზეზად არ უნდა ვიქცეთო“. მაგრამ თავშეკავება არ უნდა გადასცდეს გარკვეულ ზღვარს, ვინაიდან არსებობს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები. არ ვამბობ, რომ გავაკეთოთ ის, რასაც სააკაშვილი [საქართველოს მესამე პრეზიდენტი] ცდილობდა - „დიდი ბიჭების“ ჩხუბში ჩავერიოთ „პატარა ბიჭივით”, მაგრამ ის, რომ ჩვენ ჩვენი ღირსება და ინტერესები გაგვაჩნია, რაც შეიძლება, მკაცრად უნდა დაფიქსირდეს. როგორც ვთქვი, ზღვარია დასაცავი და შეუძლებელია, წინასწარ შეიმუშავო რაღაც ფორმულა. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსული ინტერესების მიმართ ზედმეტ დათმობაზე მიდის „ქართული ოცნება“,- ამბობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და ამ კონტექსტში, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს:

„პირადად ჩემთვის ანაკლიის პორტის ისტორია დათმობის თვალსაჩინო ნიმუშია. თავის დროზე ასეთ დათმობაზე რომ წასულიყო შევარდნაძე,  საქართველოს ტერიტორიაზე არც ნავთობსადენი და არც გაზსადენი გაივლიდა. მართალია, სადღეისოდ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მინიმუმია გამოყენებული, მაგრამ ესეც არ გვექნებოდა. შევარდნაძე წავიდა რისკზე და გვახსოვს, ამან რუსეთი როგორ გააღიზიანა, იყო მუქარები, შიდა საქმეებში ჩარევა და ა.შ., მაგრამ შევარდნაძემ პრინციპული პოზიცია დაიკავა. ამდენად, არის მომენტები, როდესაც არ უნდა დავთმოთ სტრატეგიული ინტერესები. გვესმის, რომ დიდ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ისიც გვესმის, რომ რუსეთი გაუმაძღარია, მისი ინტერესები კი – ამოუწურავი“.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები არ დაუკარგავს“, ფირალიშვილი მას „საქმეში ჩაუხედავ ადამიანებზე გათვლილად” აფასებს:  

„ჯერ ერთი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „ქართული ოცნების“ პროგრამის ნაწილი იყო და ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა, პირიქით, რუსებმა პოზიციები გაიმაგრეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მეორეც, ტერიტორიები რომ არ დაუკარგავთ, ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ თავად იქცეოდნენ ჭკვიანურად, არამედ რუსეთმა იცოდა, რა საზღვრებამდე შეიძლებოდა ჩვენთვის ტერიტორიების წართმევა. ანუ, ჩვენ ტერიტორიები ეთნოკონფლიქტის კონტექსტში დავკარგეთ, რუსეთი მოქმედებდა აფხაზებისა და ოსების დაცვის ლოზუნგით და კიდევ ახალი ტერიტორიების მითვისებით იმის შანსიც კი დაეკარგებოდა, ეთქვა, „მე ოკუპანტი არ ვარო“. ამდენად, ის, რომ რუსეთი სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე გაჩერდებოდა, ჩემთვის 2008 წლის ომის დროს იყო ნათელი. ის თბილისში არ შემოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში „ცხელი თავები“ სწორედ ამისკენ მოუწოდებდნენ. მსგავს ვითარებაში რუსეთის დაცვა მის მოკავშირეებსაც კი გაუჭირდებოდათ“.  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S