„აუსტრევიჩუსი გამორბოდა, „ესენი გიჟები არიან, რას ლაპარაკობენო?!“ – ვაშაძე ბრიუსელთან „ქართული ოცნების“ კომუნიკაციაზე საუბრობს
28/06/2022 07:51:55 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ზედმიწევნით არიან ინფორმირებულნი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორის, იმის თაობაზეც, რომ 27 ივნისს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის (რომლის მიმართაც კითხვები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული არსებობდა და სფეროში ჩახედული ადამიანები „კლანის“ წევრად მიიჩნევენ) არჩევის, ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის (ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ტვირთმა პორტი დატოვა) შემოსვლის თაობაზე. მეტიც, ვაშაძის ცნობით, მმართველმა გუნდმა ევროპელი პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენა, რომ არ აპირებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებას.
„[27 ივნისს – რედ.]ევროპარლამენტში იყო სპეციალური მოსმენა, სადაც იხილავდნენ ევროკავშირის გაფართოების საკითხებს, სადაც (ჩვენ არც ვიცოდით) პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს – სამხარაძეს ჰქონდა ჩართვა. ერთ–ერთი ევროპარლამენტარი – პეტრას აუსტრევიჩუსი [ლიეტუველი ევროპარლამენტარი – რედ.] გამორბოდა, გავაჩერე (ვიცნობთ ერთმანეთს), მითხრა, „ესენი გიჟები არიან, რას ლაპარაკობენო?!“. ეს ხალხი გარჩევებს აკეთებს, რომ ჩვენ „მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსსო. რასაც ჩვენ ტელევიზიით ვისმენთ, იმავეს ლაპარაკობენ ევროპარლამენტში... უთხრა [სამხარაძემ – რედ.], რომ „ჩვენც იგივე მოთხოვნები დაგვიყენეთ, რაც უკრაინას და მოლდოვასო „– საქმის გარჩევა დაუწყეს, „კანდიდატის სტატუსი გეკუთვნოდაო“. ის კი არ უთხრა, „მზად ვართ, ეს გავაკეთოთ, ეს შევასრულოთ, ამას ასე გავაკეთებთო“ – პირიქით, საქმის გარჩევები დაიწყეს! ეს გარჩევები მიზანმიმართულია![...] პირდაპირ მითხრეს, რომ „ესენი არაფრის გაკეთებას არ აპირებენო“. სიტყვიერადაც არ ამბობენ, რომ გავაკეთებთო. არც იტყუებიან. პირდაპირ ამბობენ, „არ გავაკეთებთო“,– განაცხადა ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში.
17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაუსახა, რომელიც 23 ივნისს ევროპის საბჭომ დაამტკიცა. რეკომენდაციები, მათ შორის, მოიცავს დეოლიგარქიზაციას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მართლმსაჯულების რეფორმას, დეპოლარიზაციას. ევროკომისია რეფორმების შესრულების ხარისხს წლის ბოლოს შეამოწმებს. ხელისუფლებას მოძრაობამ ვადა 3 ივლისამდე მისცა. 3 ივლისს რუსთაველზე აქცია უნდა გაიმართოს.
საწყის ეტაპზე მმართველი გუნდი ირწმუნებოდა, რომ შეასრულებდა რეკომენდაციებს, თუმცა 28 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას 15 წელი სჭირდება, რომ საქართველოს არსად ეჩქარება, ამიტომ, თანმიმდევრულად მიჰყვება გეგმას.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ხალხმრავალი აქცია გაიმართა 23 ივნისსაც, რომელზეც ახლად დაფუძნებულმა სახალხო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, ორი მოთხოვნა წამოაყენა: გადადგეს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც წლის ბოლომდე შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს. ამ დროისთვის არსებული პოზიციით, მმართველი გუნდი მოთხოვნების მიღებას არ აპირებს.
„ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, საქართველოს ჯერ კიდევ რჩება შანსი, არ ამოვარდეს „ასოცირებული ტრიოდან“, ამისთვის კი ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო, რომლის შეფასებაც წლის ბოლოსთვის უნდა მოხდეს და თუ დადებითი რეკომენდაცია გაიცა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე შეიკრიბება. ხოლო დრო საქართველოს სასარგებლოდ არ მუშაობს, რადგან არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს შენარჩუნდება ევროკავშირში არსებული შედარებით ლოიალური დამოკიდებულება, შესაბამისად, შანსი საქართველოსთვის, წინ გადადგას ის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელსაც სამიოდ თვის წინ ბევრი წარმოუდგენლადაც კი მიიჩნევდა:
„აქ ორი მომენტია: რამდენად შეძლებენ უკრაინა და მოლდოვა შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და მეორე – 2024 წლისთვის ევროკავშირი უფრო მეტად შიდა საქმეებზე გადაერთვება და ნაკლები დრო დარჩება გარე ურთიერთობებისთვის: 2024 წლის შემოდგომაზე ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება, მოქმედი ევროკომისიის ვადა იწურება და ახალი ევროკომისია უნდა დამტკიცდეს. არ ვიცით, ვინ იქნებიან ახალი წევრები და არც ის, როგორი დამოკიდებულება ექნებათ ზოგადად, გაფართოების მიმართ. მაგალითად, როდესაც ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა [2014–2019 წლები], თქვა, რომ „ჩემი კომისიის პირობებში ევროკავშირის გაფართოება არ მოხდებაო“. არც ახლაა გაფართოების დიდი სურვილი, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით გახდნენ იძულებულები, ეცვალათ პოზიცია",– ამბობს "აქცენტთან" ჩხიკვაძე.
მკვლევარი ფიქრობს, რომ პერსპექტივას საქართველოს არ ჩამოართმევენ, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობების გაციება პრაქტიკულ დონეზე გახდება აღქმადი. ამ კონტექსტში ახსენა მან 75 მილიონი ევრო – 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში, რომელიც საქართველოს შემოდგომაზე უნდა მიეღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ეს თანხა არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი. თუმცა მოგვიანებით მთავრობამ ვალი აიღო. საგულისხმოა, რომ ხსენებულ ტრანშს (წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 0,125%) თან ახლდა წინაპირობა (მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა). მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროში აღიარეს, რომ პირობის შეუსრულებლობის გამო იყო მოლოდინი, რომ ტრანში არ გადმოირიცხებოდა, ამიტომ თბილისმა საკუთარი უარით დაასწრო ევროკავშირს და ტრანშის დისკრედიტაციას შეუდგა „სესხია და არა დახმარებაო“.
„ასოცირებული ტრიოს“ პირობებში საქართველოში ყოველთვის იყო განცდა, რომ „მზად კი არ ვართ, მაგრამ ერად გავალთ ფონს, არ გაგვწირავენ, შესაძლოა, თვალი დახუჭონ და სამივეს ერთი და იგივე სტატუსი მიანიჭონო“. დღეს ეს აღარ იმოქმედებს. ისინი წინ არიან, ჩვენ კი ყველაფრის შესრულება მოგვიწევს – თვალს აღარ დახუჭავენ! ჩვენი გაკეთებული საქმე ჩვენს ამბიციებთან უნდა იყოს თანხვედრაში. ჩვენ კი მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე შედეგს ვაჩვენებთ. გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ არ გექნება დამოუკიდებელი სასამართლო, თუ მაღალი დონის კორუფციას არ ებრძოლე, არაფერი გამოვა. ხოლო თუ დამოუკიდებელი სასამართლო ვიდრე არ იქნება, არ უნდა ელოდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ინვესტიციები გჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ გჭირდება იმისთვის, რომ ახალგაზრდობის 25%–ზე მეტი უმუშევარი რომაა და ქვეყანას ტოვებს, დასაქმდეს!
ურთიერთობების გაციებამ ასახვა დაიწყო, როცა 75 მილიონი არ გადმოურიცხა საქართველოს ანგარიშზე. ასეთი მიდგომა გაგრძელდება, თუ საქართველო არ დადებს შედეგს. ძალიან მტკიცედ და მწვავედ იმუშავებს პირობითობის მიდგომა, რაც იმას გულისხმობს, თუ შექმნის სტრატეგიას და ა.შ. მიიღებს დაფინანსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – დაკარგავს“.
მსგავს შემთხვევაში მმართველი გუნდი გამოსავალს სავარაუდოდ, კვლავ საგარეო ვალის აღებაში ნახავს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის ტვირთია, ამ პირობებში კი ისევე გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც სტატისტიკური ქართული ოჯახი ცხოვრობს თვიდან თვემდე ვალებით და ცხოვრების დონის გაუარესების შეუქცევადი ტენდენციით.


