Accentnews.ge
პაპუაშვილი – აქციის მოთხოვნაზე: "სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი"

პაპუაშვილი – აქციის მოთხოვნაზე: "სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი"

28/06/2022 09:11:33 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების სურვილი დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი დემოკრატიის და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლით. სამწუხაროდ, რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების [მოთხოვნისა] ისინი დაუბრუნდნენ 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას. იმავე სახეებს ვხედავთ, იმავე მოწოდებებით. პოლიტიკურ ჯგუფებია თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს. დემოკრატია მუშაობს არჩევნებით. არჩევნებზე ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს, ამას უნდა მიჰყვეს ყველა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია, აქტივისტი თუ ასე შემდეგ. ამას ჰქვია დემოკრატია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიამ გადაწყვიტა, გაანაწილა ასე ვთქვათ, პოლიტიკური წონა პარტიებს შორის, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საუბრები რაზეც არის, ესაა მიბრუნება, ისევ იმავე წრეზე შესვლა. იგივე სპირალშია ახლა მოხვედრილი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი ნაწილი. სპირალი, რომელსაც ჰქვია ძალაუფლების მიტაცება დემოკრატიის გვერდის ავლით, რაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დროს ვერ შეძლეს, ვერც ახლა შეძლებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების შემდეგ სახალხო მოძრაობამ, რომლის ორგანიზაებითაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქციები იმართება, ორი მოთხოვნა გააჟღერა:

თანამდებობიდან გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;

ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12–ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია განსაზღვრული, შეასრულებს.

23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S