როგორ დატოვეს “მოკავშირეებმა” პუტინი ანტიდასავლური კოალიციის გარეშე

28-06-2022 16:49:30 ანალიზი

გასულ კვირას პუტინის მშობლიურ ქალაქ პეტერბურგში დასრულდა “საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი”, რომელსაც უკრაინასთან მიმდინარე ომის პირობებში კრემლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ღონისძიება დაგეგმილი იყო, როგორც პლატფორმა პუტინის მოკავშირეების კონსოლიდაციისათვის და უნდა ქცეულიყო ერთგვარ “ვიტრინად” საერთაშორისო კოალიციისა, რომლის ჩამოყალიბებას რუსეთის ლიდერი დასავლეთის საწინააღმდეგოდ ლამობდა. ამაზევე იყო, არსობრივად, მიმართული პუტინის ერთსაათიანი სიტყვაც. რუსეთის ხელმძღვანელობა ფორუმის სტუმრებისგან მის საჯარო მხარდაჭერას ელოდა. თუმცა გეგმა ჩავარდა. აღტკინების ნაცვლად, ფორუმზე შიშმა და დაბნეულობამ დაისადგურა, ღონისძიების შედეგები კი ცხადყოფს, რომ პუტინის რუსეთი აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში, დაკარგა რა მოკავშირეებიცა და პარტნიორებიც. არავითარ კოალიციაზე საუბარიც კი აღარ მიდის. მეტიც, ფორმალური მოკავშირეების სიტყვით გამოსვლები პუტინის საჯარო დამცირებას უფრო ჰგავდა. ამგვარად, პეტერბურგის ფორუმმა მისი საგარეო პოლიტიკის კატასტროფული ჩავარდნები გააშიშვლა, პუტინი მსოფლიო პრესაში დაცინვის ობიექტად აქცია, საექსპერტო თანამეგობრობა კი ამ დრომდე აქტიურად განიხილავს მისი საერთაშორისო პოზიციების აშკარა დასუსტებას.

უნდა აღინიშნოს, რომ “პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმები” (ПМЭФ) რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან იმართებოდა. წელს ღონისძიება თავის 25-ე იუბილეს აღნიშნავდა. თავის დროზე ფორუმის იდეოლოგები მას ევროპასა და ზოგადად გარე სამყაროში ერთგვარ ფანჯრად განიხილავდნენ, იწვევდნენ მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებს, მსხვილ ბიზნესსა და ინვესტორებს. კრემლში განმარტავდნენ, რომ ღია და გულახდილი დიალოგი პეტერბურგში ხელს უწყობდა რუსეთსა და სხვა სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობების დაძლევას, მსოფლიოს რუსეთის საინვესტიციო მიმზიდველობასა და ღიაობას უჩვენებდა.

დღეს უკვე ყველა ეს პათოსური ფრაზა უადგილოდ ჟღერს: უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხომ მთელი ცივილიზებული სამყარო ზურგს აქცევს რუსეთს და მისგან სანქციების მაღალი ღობით გამიჯნვას ცდილობს. უცხოური კომპანიები ბიზნესს წყვეტენ და რუსეთიდან გარბიან. კრემლის ოლიგარქების აქტივები უცხოეთში იყინება და ყადაღდება. მხოლოდ გიჟს თუ მოუვა სადღეისოდ თავში რუსეთში ინვესტირება და სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინის პოლიტიკამ მისი ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანა.

სწორედ ამიტომ მსხვილი ინვესტორებისა და ბიზნესის ნაცვლად, წლევანდელ ფორუმზე მთავარ “ვარსკვლავად” იქცნენ თალიბები – მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის თავად რუსეთშიც ტერორისტებად აღიარებული პირები, თუმცა ეს სულაც არ უშლიდა ხელს მინისტრ ლავროვს, მათ საჯაროდ გადაჰხვეოდა და საერთო ფოტოები ეღო – ახლა, საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ხომ მოსკოვისთვის ნებისმიერ უცხოელ სტუმარს ოქროს ფასი აქვს.

ჯამში, როგორც დამკირვებლები აღნიშნავენ, პეტერბურგის წლევანდელი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თავისსავე კარიკატურად გადაიქცა.

პუტინს აშკარად ჰქონდა გეგმა, როგორ შეევსო რუსეთისთვის ახალ პირობებში ეს პლატფორმა ახალი შინაარსით: მას სურდა, მშობლიურ ქალაქში საზეიმოდ გამოეცხადებინა ახალი ანტიამერიკული კოალიციის ჩამოყალიბება და ამ კუთხით ფსონს აღმოსავლელ მეზობლებზე – ყაზახეთსა და ჩინეთზე დებდა. სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტობრივად, ღიად მოუწოდა მათ, “განზე ყოფნა დაასრულონ” და კრემლის ქმედებებს მხარი დაუჭირონ: “დიდი შეცდომაა, იფიქრო, თითქოს ამჟამინდელი გლობალური ცვლილებების პერიოდში შეძლებ, განზე დარჩე და მოიცადო, მერე კი ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და უწინდებურად იქნება… ასე არ იქნება, აღარო!”.

და ვერ ვიტყვით, რომ პუტინის ეს გათვლა მთლად უსაფუძვლო იყო. ჩინეთი ხომ უზარმაზარ სარგებელს იღებს რუსეთთან თანამშრომლობით: უკვე წლებია, წარმოუდგენლად დაბალ ფასად ყიდულობს რუსულ ნავთობს, გაზს, ნახშირს, ტყეს; რუსული და ჩინური არმიები ერთობლივ წვრთნებს მართავენ; პუტინმა ნებაყოფლობით გადასცა ჩინელებს კუნძულები შორეულ აღმოსავლეთში, თვალს ხუჭავდა ჩინური ბიზნესის ექსპანსიაზე ციმბირში და ა.შ. რაც შეეხება ყაზახეთს, რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ მისი ყაზახი კოლეგა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი სამუდამო ვალში იყო მის წინაშე, რადგან წლის დასაწყისში, როცა ყაზახეთი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა, მან ქვეყანაში ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) ჯარები გაგზავნა და ტოკაევს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარა.

მაგრამ მხარდაჭერის ნაცვლად, პუტინმა ყაზახი კოლეგისგან რამდენიმე საჯარო სილა იწვნია: ტოკაევმა დემონსტრაციულად განაცხადა უარი ალექსანდრე ნეველის ორდენზე, რომელიც რუსეთის ლიდერს მისთვის ფორუმის მსვლელობისას უნდა გადაეცა; პუტინის გვერდში მჯდომმა, მან ღიად განაცხადა, რომ ყაზახეთი დაიცავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და არ აპირებს, აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვადასხვა რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, რომელთაც კვაზისახელმწიფოებად მიიჩნევს. მართალია, ამ კონტექსტში ტოკაევმა კოსოვოსა და ტაივანის არაღიარებაც ახსენა, თუმცა პუტინისთვის საჯაროდ გაწნულ სილას ეს აშკარად არ შველიდა.

კრემლის პროპაგანდა შემდგომში მაქსიმალურად ცდილობდა პრეზიდენტისთვის მიყენებული საიმიჯო ზიანის შემსუბუქებას და აჯერებდა მოსახლეობას, “გეოპოლიტიკას თავისი გვერდითი ეფექტები აქვს”, “რუსეთის მოკავშირეების საჯარო განცხადებები რეალურ მდგომარეობას არ ასახავსო”. თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კი გაღიზიანებას გაჭირვებით მალავდნენ და როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ საქმე იმაზე ბევრად ცუდადაა, ვიდრე ომამდე წარმოედგინათ.

ერთადერთი, ვინც ღიად დააფიქსირა, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე კრემლში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი იყო: დიპლომატიური ნიუანსების მას დიდად არაფერი გაეგება, ამიტომაც “ღალატზე” მიანიშნა და ამ კონტექსტში “ბარემ” სომხეთიც ახსენა - აქაოდა, მასაც აქვს პუტინის წინაშე ვალი, მაგრამ მხარს არ უჭერსო: “რუსეთმა ყაზახეთი გადაარჩინა… როცა ყაზახეთი სუვერენიტეტს კარგავდა, ვინ დაეხმარა, ვინ? - რუსეთი! როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი იყო, ვინ შეასრულა საკვანძო როლი? - პუტინმაო!”. თუმცა ტოკაევმა მასაც მალევე უთავაზა “ცივი შხაპი”, განაცხადა რა რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რომ სულაც არ აპირებს, მუდმივად ემსახუროს და უჩოქოს რუსეთს: “რუსეთში ზოგიერთი პირები ვითარების არსს ამახინჯებენ, აცხადებენ რა, რომ რუსეთმა ყაზახეთი გადაარჩინა და ახლა ვალდებულები ვართ, მას მუდმივად ვემსახუროთ, ფერხთით ვეგოთ, ქედი ვიხაროთ. ვთვლი, რომ ეს სრულიად გაუმართლებელი მოსაზრებებია, შეიძლება, ითქვას, რეალობისგან შორს მყოფიო”.

მაინც რატომ არ ეშინია ყაზახ ლიდერს პუტინის? უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხომ მასთან ამ ტონით საუბარი თითქოსდა დიდი რისკის შემცველი უნდა იყოს. მით უფრო, რომ კრემლში მყოფი “ცხელი თავები” არცთუ იშვიათად მიანიშნებენ ყაზახეთში “რუსულენოვანთა უფლებების დარღვევაზე” და ქვეყანას ”უკრაინული სცენარით” ემუქრებიან.

საკითხში გასარკვევად მოგვიწევს, გავიხსენოთ ზოგიერთი ფაქტი ტოკაევის ბიოგრაფიიდან. იგი საბჭოთა კავშირში დაიბადა, სწავლობდა რუსეთში, დიპლომატიური განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო, მაგრამ ენობრივი სტაჟირება პეკინის ლინგვისტიკურ ინსტიტუტში გაიარა, რის შემდეგაც რამდენიმე წელი იმუშავა ჩინეთში საბჭოთა საელჩოს თანამშრომლად. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ტოკაევს მჭიდრო კავშირები ჰქონდა ჩინეთთან. იგი გამართულად საუბრობს ჩინურად, დიდი ხანია, ჩამოყალიბებული აქვს კავშირები ჩინელ პოლიტიკოსებსა და ჩინოსნებთან. გაპრეზდენტებამდე ტოკაევი გახლდათ პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და არასდროს მალავდა თავის პროჩინურ ორიენტაციას.

ამდენად, არაერთი ანალიტიკოსის აზრით, პეტერბურგის ფორუმზე ტოკაევი “გასასეირნებლად” არ ჩასულა – ჩავიდა კონკრეტული მისიით და არა რუსეთის მოკავშირის სტატუსით – როგორც ამას პუტინი იმედოვნებდა, არამედ ფაქტობრივად ჩინეთის წარმომადგენლად. მისი მისია კი მდგომარეობდა პეკინის გზავნილების მკაფიოდ გაჟღერებაში და მან ამას წარმატებით გაართვა თავი.

“რუსეთის მთავარი მოკავშირის” გზავნილები, მათი აზრით, მდგომარეობდა შემდეგში:

1. ჩინელი პარტნიორები რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენუტეტს არც სამოავლოდ აღიარებენ. ჩინეთი პუტინს უკრაინაში არ დაეხმარება და რუსეთის შესაძლო მცდელობას, უკრაინული მიწების ნაწილი მიიერთოს, პეკინში გაგებით არავინ მოეკიდება, რადგან პუტინის ლოგიკა მისი ქმედებების საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობის შესახებ ჩინეთისთვის, ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის, მიუღებელია.

ანუ, არსობრივად, რუსეთის პრეზიდენტს ღიად უთხრეს: უკრაინასთან ომი – ეს შენი პირადი ავანტიურაა, ხელს არ შეგიშლით, მაგრამ ჩვენს ჩათრევას ნურც ეცდები და საკუთარი ძალებით იმოქმედეო;

2. ჩინეთი რუსეთის გამო დასავლეთთან თავისი ეკონომიკური კავშირებით გარისკვას არ აპირებს. ჩინური ხელმძღვნელობისთვის ამოსავალს წარმოადგენს საკუთარი ეროვნული ინტერესები, მათ შორის – ვაჭრობა აშშ-სა და ევროპასთან, ამდენად, ის მას არ შეწყვეტს.

ამავე მიზეზით ჩინური კომპანიები და ბანკები დაიცავენ პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებსაც;

3. ჩინეთი ძირშივე კლავს პუტინის მცდელობას, აღმოსავლეთ სამეზობლოზე და უპირველესად ყაზახეთზე თავისი გავლენის სფერო გაავრცელოს. პეკინი აჩვენებს პუტინს, რომ ყაზახეთი – ეს მისი და არა რუსეთის გავლენის სფეროა, ტოკაევი კი პროჩინური ლიდერია და არა პრორუსული.

საერთოდაც, არაერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ომის შემდეგ ჩინეთმა შესაძლოა, პუტინს მარტივი არჩევანი შესთავაზოს: "ან ძალაუფლებას კარგავ, ან ინარჩუნებ ჩინეთის დახმარებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ივიწყებ შენს გლობალურ ამბიციებს და პროჩინური ორიენტაციის რეგიონულ ლიდერობას სჯერდები – დაახლოებით ისეთს, როგორსაც დღეს ტოკაევი წარმოადგენს";

4.პუტინს ნათლად მიანიშნეს, რომ ჩინეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გლობალური ომი არ სურს, რომ ის მომხრეა აშშ-სა და მის მოკავშირეებთან მოლაპარაკებების და სულაც არ აპირებს მათთან ომს, ან მით უფრო ბირთვული იარაღის ჟღარუნს.

ამგვარად, პუტინის მცდელობას, ჩამოეყალიბებინა ანტიდასავლური კოალიცია, რომელსაც სი ცზინპინი ჩაუდგებოდა სათავეში, განხორციელება არ უწერია და მხოლოდ ფანტაზიად დარჩება მის თავში.

არადა, კრემლის ლიდერს აფრთხილებდნენ, ბევრი მიუთითებდა მისი საერთაშორისო პოლიტიკის ცალმხრივობაზე, იმაზე, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში გაცილებით მეტი სიფრთხილე ჰმართებდა. თუმცა პუტინი თავისას აგრძელებდა: შუბლით ეტაკებოდა დასავლეთს, ჩინეთთან დაკავშირებულ რისკებს კი კვლავინდებურად იგნორირებდა.

ახლაც, უკრაინასთან ომის ფონზე, მას რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები ციმბირიდან და შორეული აღმოსავლეთიდან გაჰყავს – თითქოს ვერ ამჩნევდეს ჩინეთის მხრიდან ვერავითარ საფრთხეს და ვერც იმას, რომ პეკინი მას არავითარ “ძლიერ მოკავშირედ” აღარ მიიჩნევს. არადა, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთი პუტინის აღმოსავლელი “მეგობრისა” და “მოკავშირისთვის” არა თანასწორი პარტნიორია, არამედ უფრო “საკვები”; რუსული მიწები პეკინს რესურსების წყაროდ აინტერესებს; მას სურს, დასავლური ემბარგოს ფონზე იაფი რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებელი გახდეს. ამასთანავე, ჩინეთი ინტერესით უმზერს რუსეთის ტერიტორიებს, რომლებზეც აქტიურად სახლდებიან მისი მოქალაქეები. და თუკი რაღაც ეტაპზე ჩინეთი მეტი დაჟინებით, უფრო აგრესიულად დაიწყებს მოქმედებას, რუსეთს, არსობრივად, არ ექნება არგუმენტები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რადგან თავისი ავანტიურისტული პოლიტიკით პუტინმა მას ეს არგუმენტები ხელიდან გამოაცალა.

მეტიც, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ ფონზე არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთის ახალ ხელისუფლებას, რომელიც პუტინის რეჟიმს შეცვლის, უდიდეს გამოწვევად ექცეს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების დაცვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები