კელი დეგნანი: „ახლა არ არის დრო, საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნისთვის“
28/06/2022 15:22:37 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი ბრალდებების შესახებ ჰკითხეს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას ეხება. საპასუხოდ დიპლომატმა აღნინა, რომ მსგავსი საკითხები მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს და არა მედიით.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ახლა არ არის დრო, საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნისთვის, ახლა დროა, რომ ეს ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, როგორც მე აქამდეც ვთქვი, მსგავსი დისკუსია უნდა გვქონდეს მთავრობებს შორის და არა მედიის საშუალებით. ამას მედიის საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს.
მოვისმინე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს უპასუხა და ბატონმა არახამიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე მათ მოვუწოდებდი, ეს საკითხი ხელისუფლებებს შორის, დიპლომატიური არხებით განეხილათ და შეწყვიტონ ამის საჯაროდ კეთება, რადგან ამ სახის განცხადებების გაცვლა საქართველოსა და უკრაინის შორის, მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს. უკრაინა იბრძვის თითოუელი ქალაქისა და თითოეული სიცოცხლისთვის. ახლა არ არის დრო, საქართველოსა და უკრაინის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნისთვის, ახლა დროა, რომ ეს ორი ქვეყანა ოკუპანტის წინააღმდეგ გაერთიანდეს",– განაცხადა ელჩმა.


