Accentnews.ge
„კლანის“ წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ამ ტიპის მმართველობის გამო ეთქვა საქართველოს უარი სტატუსის მინიჭებაზე“

„კლანის“ წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ამ ტიპის მმართველობის გამო ეთქვა საქართველოს უარი სტატუსის მინიჭებაზე“

28/06/2022 16:50:32 პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის არჩევას ეხმიანება, რომელიც მათ შორის არასამთავრობო სექტორის მიერ სახელდება „კლანის“ გავლენიან წევრად და ამბობს, რომ „კლანის“ წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ სწორედ მათი გადაწყვეტილებების გამო ეთქვა საქართველოს ცოტა ხნის წინ უარი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე.

„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული კლანის წევრებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რაზე არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. „ლომის წვლილი“ იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა, არის სწორედ ამ ადამიანების, ამ პერსონების და მათი გადაწყვეტილებების. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი პერსონალური ინტერესები, გავლენები, ის უპირატესობები, რაც ამ კლანურ გავლენას მოაქვს მათთვის სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოზიციიდან, მანდატის ამოწურვამდე, გააკეთებს მაქსიმუმს ევროკავშირის მიერ შემუშავებული ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად:

„სახალხო დამცველი არის პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართაც ევროკავშირის ორგანოებმა მხარდაჭერა და ნდობა დააფიქსირეს. ამიტომაც, ჩემი დარჩენილი ვადის განმავლობაში, რომელიც იმ ექვს თვეს ემთხვევა, როდესაც ქვეყანამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, ვფიქრობ, გამოვიყენო ის ნდობა, რაც ევროკავშირის ინსტიტუტებმა ჩვენ მიმართ გამოიჩინეს, გამოხატეს და ამ პოზიციაზე, ამ მანდატის ფარგლებში გავაკეთო მაქსიმუმი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო. ამ პროცესს ასე ვხედავ“.

ევროკომისიის ერთ–ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, სწორედ მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულება ცენტრალურ საკითხად იქცა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S