„ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა კანონების მიღება სურს"
29/06/2022 07:32:04 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მომდევნო ექვსი თვე რეფორმების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და აშშ მზად არის, საქართველოს ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს.
ელჩის თქმით, როცა მთავრობას სურს, შეუძლია, რომ სწრაფად შეცვალოს/მიიღოს კანონმდებლობა. მან ერთ-ერთ მაგალითად ინსპექტორის ოფისის გაუქმება მოიყვანა.
„ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა კანონების მიღება სურს. ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერს დაჩქარებულ ახალ კანონში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი გაუქმდა. ასევე, ახლახან ვნახეთ მოსმენების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღება. შესაბამისად, ვიცით, რომ მთავრობას ნამდვილად შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა მას ეს სურს. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, დაეხმაროს ნებისმიერი კუთხით ამ პროცესში. შემდეგი ექვსი თვე იქნება მნიშვნელოვანი, რომ დაიწყოს ეს პროცესი და არ არის დასაკარგი დრო. მე ვფიქრობ, რომ ბევრი დაინტერესებული მხარეა, საზოგადოება, სამოქალაქო ორგანიზაციები, ოპოზიცია და მთავრობის ზოგიერთი წევრი, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ რეკომენდაციებზე მუშაობა. ყველას სურს, რომ ნახოს დადებითი შეფასება საქართველოზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.


