ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს შეხვდა
29/06/2022 13:11:48 პოლიტიკა
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია" - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობაჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას მოიცავს.
“ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევხვდი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ურყევ მხარდაჭერას მოიცავსჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს სახელმწიფო უწყებების გაძლიერებას და დემოკრატიული განვითარების პროცესში მონაწილეობას”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


