Accentnews.ge
ნატო–ს სტრატეგიული კონცეფცია - ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია

ნატო–ს სტრატეგიული კონცეფცია - ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია

29/06/2022 15:01:38 პოლიტიკა

ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციას აქვეყნებს, რომელშიც, მათ შორის საქართველოზეც არის საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.

2022 წლის სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, ნატო გააგრძელებს პარტნიორობის განვითარებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან.

"ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყნების უსაფრთხოება გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით, გააძლიერონ მედეგობა გარე ძალების მავნე ჩარევისგან, გააძლიერონ თავდაცვისუნარიოანობა, ხელს შევუწყობთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებას, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობის განვითარებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ვადასტურებთ ერთგულებას 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი და ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინის მიმართ. [...] დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეგიონებში ევროატლანტიკური მისწრაფებებით დაინტერესებული ქვეყნების მხარდაჭერას",– ნათქვამია დოკუმენტში.

ახალ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში".

ამასთან, კონცეფციაში ალიანსმა პირველად, განსაზღვრა საკუთარი პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ამბიციები წარმოადგენს გამოწვევას ნატო-ს ღირებულებების, ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის:

"ჩინეთი იყენებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რათა გაზარდოს თავისი გლობალური წარმოდგენილობა და წარმოაჩინოს ძალაუფლება, ამასთან დარჩეს გაუმჭვირვალე მისი სტრატეგიის, განზრახვებისა და სამხედრო გაძლიერების კუთხით. ჩინეთის ზიანის მომტანი ჰიბრიდული, კიბერ ოპერაციები, მისი კონფრონტაციული რიტორიკა და დეზინფორმაცია გამიზნულია მოკავშირეებისთვის და აზიანებს ალიანსის უსაფრთხოებას“.

ამასთან, დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჩინეთი ცდილობს, გააკონტროლოს ძირითადი ტექნოლოგიური და სამრეწველო სექტორები, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურა და იყენებს თავის ეკონომიკურ ბერკეტებს სტრატეგიული დამოკიდებულებების შესაქმნელად და მისი გავლენის გასაძლიერებლად.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხეს უქმნის ნატო-ს ღირებულებებს და ინტერესებს.

ცნობისთვის: 2010 წელს, ლისაბონის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომლითაც ნატო-ს ათწლეულის სამოქმედო გეგმა განისაზღვრა, ჩინეთი მოხსენიებული არ არის. რაც შეეხება რუსეთს, ლისაბონში მიღებულ კონცეფციაში, აღნიშნულია, რომ ნატო–სა და რუსეთის თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S