უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან – ოხანაშვილი აშშ–ის საელჩოსთან მომხდა ინციდენტზე საუბრობს

30-06-2022 21:58:56 პოლიტიკა

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აშშ–ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინცდენტის შემდეგ პროვოკაციაში „ტვ პირველის“ მფლობელ ვატო წერეთელს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მედიამენეჯერმა „მიიღო ის, რასაც იმსახურებდა“.

"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა, მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. ასე ეხმაურება დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, ტვ პირველის მფლობელმა ის გვერდზე გაიყვანა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. „საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე," - ამგვარია მომხდარის შესახებ ანრი ოხანაშვილის ვერსია.

ინციდენტის შესახებ დაახლოებით 21:00 საათისთვის გახდა ცნობილი. „ტვ პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მას აშშ–ის საელჩოს ეზოში "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ხელზე მომიჭირა, ქუჩური გარჩევები დამიწყო, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში, ვიდრე აზრზე მოვიდოდი, მეორემ გამწია და მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ–ის საელჩოში ამას რომ დადგამ, წარმოგიდგენია ქვეყანას რას უშვრებიან?! ელჩი სავარაუდოდ, 50 მეტრში იყო!“– განაცხადა წერეთელმა.

მან მოუწოდა აშშ–ის ელჩს, მედიას მიაწოდოს კადრები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები