აშშ-ის საელჩო მის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე ვატო წერეთელსა და „ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

30-06-2022 22:48:00 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეტელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

"საგიჟეთია! ამ ქვეყანაში კი არა, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ–ის საელჩოს ეზოში, სადაც მოწვეული იყო 200–300 სტუმარი. დედა ვფიცავარ, შოკში ვარ. წარმოიდგინეთ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარე რა ხდება!",– განაცხადა ვატო წერეთელმა.

წერეთელი მოუწოდებს აშშ–ის ელჩს, მედიას მიაწოდოს კადრები, „როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს“.

მისი თქმით, ინციდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს და ადგილზე 200–მდე კამერა იქნებოდა:

„მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ხელზე მომიჭირა, ქუჩური გარჩევები დამიწყო, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში, ვიდრე აზრზე მოვიდოდი, მეორემ გამწია და მომიქნია ხელი. ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ–ის საელჩოში ამას რომ დადგამ, წარმოგიდგენია ქვეყანას რას უშვრებიან?! ელჩი სავარაუდოდ, 50 მეტრში იყო!“– ჰყვება წერეთელი.

თავის მხრივ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პროვოკაციაში „ტვ პირველის“ მფლობელ ვატო წერეთელს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მედიამენეჯერმა „მიიღო ის, რასაც იმსახურებდა“. მის ვერსიას ადასტურებს კიდევ ერთი დეპუტატი – ზარქუა.

მომხდართან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, „თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას არავინ დაიჯერებს - არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები