"ოცნებაში" აშშ–ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს "პროვოკაციად" აფასებენ: "ოხანაშვილისნაირი მეოჯახე და კანონმორჩილი ადამიანი წყობილებიდან მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს შეეძლო, გამოეყვანა"
01/07/2022 07:19:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები გუშინ აშშ–ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს "პროვოკაციად" აფასებენ.
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ანრი ოხანაშვილისნაირი მეოჯახე და კანონმორჩილი ადამიანი წყობილებიდან მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს შეეძლო, გამოეყვანა".
“რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცხყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება“,– აცხადებს ვოლსკი.
მისი თანაპრტიელი მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ "არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი".
"ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია. ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ. ასე ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები და იძალადეს მასზე, რა პროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს“, – აცხადებს სარჯველაძე.
საელჩოში მომხდარს დეპუტატი ირაკლი ზარქუაც "პროვოკაციას" უწოდებს
„ადგილი ქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!" - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძე აშშ–ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოხანაშვილის ვერსიას იზიარებს.
ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".


