ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელს მოუწოდებს, "ჩაიტაროს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს რა მდგომარეობაში იყო მისული აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე"
01/07/2022 09:08:36 პოლიტიკა
"მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მან წერეთელს მოუწოდა, "ჩაიტაროს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს რა მდგომარეობაში იყო მისული აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე".
„გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა დადგინდეს ყველაფერი. როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მივიდეს. გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება. მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა პროვოცირების შემთხვევები, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა აბსოლუტურად ყოველგვარ ზღვარს. შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, გასაჯაროვდეს ყველაფერი. მექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა და სურვილს გამოვთქვამ, გასაჯაროვდეს ყველაფერი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".


