Accentnews.ge
"ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ, 10 წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული"

"ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ, 10 წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული"

01/07/2022 11:10:38 პოლიტიკა

"ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ, 10 წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული", – ასე ეხმიანება საქართველოს ვიცე–პრემიერი თეა წულუკიანი აშშ–ის საელჩოში გუშინ მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან „აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე“.

„ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს და ადასტურებს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ სწორედ ამ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელსაც „ტვ პირველი“ დაერქვა, მისი ხელმძღვანელისა და დამფუძნებლების დავალებებით გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ ბავშვებს, ვინც იქ დახვდებათ, აშინებენ პენსიონერ მშობლებს. ამის მსხვერპლი ჩვენც ვყოფილვართ, მე და ჩემი ოჯახი და ეს ინციდენტი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, მთავარი, რაც მინდა, დღეს ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან როგორც ჩანს, აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს, ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ. ხან მოვითმენთ არის შემთხვევების 99.9 პროცენტში და ათი წელია, მოთმინებით ვართ დაკავებული. ადამიანი ხარ და ხანდახან შეიძლება, ვერ მოითმინო. უნდა იყო ძალიან, ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე. ვინაიდან ისინი უკვე ჩიხში მოქცეულები არიან, ყველაფერზე წავლენ, რათა როგორმე გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ალბათ დაგეგმავენ კიდევ მრავალ სხვა მსგავს პროვოკაციას“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.

თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".

"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S