ვოლსკი– კატუკიაზე: "არაკომპეტენტურია, ზურაბიშვილის რეკომენდაციით იყო მოყვანილი"
01/07/2022 12:13:19 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა კატუკია არაკომპეტენტური იყო და იგი ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არაკომპეტენტურია და საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან მოიყვანა სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. თავად სალომეც [ზურაბიშვილი] საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატი აცხადებს, გადადგომის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლის" გამო მიიღო.
თეა კატუკია აცხადებს, რომ მუშაობა უწევდა "მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში", რაც მისივე თქმით, სათავეს იღებს "სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თეა კატუკიას ბრალდებებს " ცილისმწამებლურს" უწოდებს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, "დიპლომატმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა".
"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას", – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


