დეკანოიძე – აშშ–ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე: "რომ არა ოლიგარქიული მმართველობა, ასეთ ფაქტზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა"
01/07/2022 12:32:58 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გუშინ აშშ–ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს: "რომ არა ოლიგარქიული მმართველობა, ნორმალურ ვითარებაში ასეთ ფაქტზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა".
"ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, როცა ის მეორე ადამიანზე ძალადობს, რა თქმა უნდა, ისჯება სისხლის სამართლებრივი პროცედურით. ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ვუყურებ, როგორც ერთ სურათს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა - რაც იყო ქუთაისში, ოზურგეთში და სხვადასხვა ქალაქში, როცა "ქართული ოცნება" პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებდა საკუთარ მომხრეებს, საკრებულოსა და ფრაქციის წევრებს. პირადად მე, ეს ყველაფერი ქუთაისში შემემთხვა. დღესაც იყო ინციდენტი იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც დადიოდა და საუბრობდა ევროპაზე", - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".


