კობახიძე განმარტავს, როგორ გეგმავს „ოცნება“ დეპოლარიზაციას
01/07/2022 13:45:02 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის გამოც საზოგადოების ყურადღება მთავარი თემებიდან, ვიწროპოლიტიკური დატვირთვის მქონე მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი.
მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია, შემცირდეს „რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე“.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ანალოგიურად მოუწოდებს ოპოზიცას, მოდმდევნო 6 თვე თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს.
მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე. ჯგუფის შემადგენლობაში ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი შევა.
"საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა. [...] [ჯგუფი] განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიის, NGO-ების და პოლიტიკურ პროცესში ჩართული სხვა ჯგუფების მიმართ. ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.


