კობახიძე – საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩზე: "თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც უკმაყოფილო იყო"
01/07/2022 14:11:28 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, თეა კატუკიას საქმიანობით უკმაყოფილო იყო.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტი თეა კატუკიას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა.
„ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანის შესახებ, თუმცა არ ვიცი რამდენად სწორი იქნება, რომ პარტიის თავმჯდომარე საუბრობდეს ყოფილ ელჩზე. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მასზე. მაინც და მაინც კარგი არ არის ეს ინფორმაცია, მათ შორის, თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც სრულიად უკმაყოფილო იყო მის მიერ გაწეული საქმიანობით, არ ელაპარაკებოდა საერთოდ მას გარკვეული მიზეზების გამო“,- აღნიშნავს კობახიძე.
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. როგორც დიპლომატი აცხადებს, გადადგომის გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან "მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლის" გამო მიიღო.
თეა კატუკია აცხადებს, რომ მუშაობა უწევდა "მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში", რაც მისივე თქმით, სათავეს იღებს "სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური პრაქტიკიდან".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თეა კატუკიას ბრალდებებს " ცილისმწამებლურს" უწოდებს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, "დიპლომატმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა".
"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას", – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


