"ძალადობა მიუღებელია, მით უფრო, როცა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები შეიმჩნევა"
01/07/2022 15:02:27 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანის გუშინ საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ძალადობა მიუღებელია, მით უფრო, როცა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები შეიმჩნევა".
"ჩვენ ვნახულობთ ჩანაწერებს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ დაიწყო რაიმე ტიპის ფორმალური სამართლებრივი პროცესი. მაგრამ ძალადობა ნამდვილად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ როცა ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის შემთხვევები შეიმჩნევა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია როცა ძალადობით ხდება ჩარევა ადამიანის უფლებებში, რაც გულისხმობს შეკრების, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. გუშინ არაჩვეულებრივი, პოზიტიური ღონისძიება გვქონდა სადაც ბევრი ადამიან შეიკრიბა და ჩვენ გვინდოდა წარმოგვეჩინა და ხაზი გაგესვა იმისთვის თუ რა მნიშვნელოვანია როდესაც ქართველები ერთიანდებიან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა", – აცხადებს ელჩი "ფორმულასთან" საუბრისას.
ცნობისთვის: "ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი ასახელებს ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ზარქუას, ლევან მგალობლიშვილსა და ბექა ოდიშარიას.
თავად ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი" და მან „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
"ტვ პირველი" ითხოვს, აშშ–ის საელჩომ მომხდარის ამსახველი კადრები გამოაქვეყნოს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, "დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სწავლობენ".
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას" და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, "გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა".


