Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის ან შარლ მიშელისთვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის"

"მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის ან შარლ მიშელისთვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის"

01/07/2022 18:24:38 პოლიტიკა

აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის ან შარლ მიშელისთვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის".

მისი თქმით, ქართველებმა ის კი არ უნდა იფიქრონ რა გაუკეთონ ბრიუსელს, არამედ უნდა იფიქრონ იმაზე, რა გაუკეთონ საქართველოს.

"ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი ამბავია. დიდი ხანია, ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისკენ საქართველოს სწრაფვის გულშემატკივარი ვარ, რადგანაც შთაგონებული ვარ ქართველი ხალხით და მჯერა მისი მიზანსწრაფვის, რომ ქვეყნის ადგილი დასავლეთის დემოკრატიათა რიგებშია. ერთის მხრივ, დიდი ხანია მსურს, ვიხილო ევროკავშირი, რომელსაც გაფართოებაზე უჭირავს თვალი და კეთილმოსურნედ უყურებს ევროპის აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხების [ევროპულ] მისწრაფებებს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა ლიდერებმა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული მომავალი აღიარეს. უკრაინის ომმა გამოაფხიზლა ევროპელები, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი საქართველოს, როგორც ევროპულ ქვეყნად წარმოსახვითაც კი. ამ მხრივ, რასაც ევროპაში მიმდინარე დებატებიც მოწმობს, მნიშვნელოვანი პროგრესია.

მეორეს მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ამ სამეულში [უკრაინა, საქართველო და მოლდოვა] რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნად განიხილებოდა. ეს [გადაწყვეტილება კი] ნიშანია, რომ წინ კიდევ მეტი გასაკეთებელი საქმეა, ამ მხრივ საწუხარი არსებობს. თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს დავალება მისცა. მე ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად მივუდგებოდი. ხომ არ აჯობებს, ქართველები მოწოდებულნი იყვნენ საქმის ერთობლივად კეთებისაკენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ? დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების, ევროკავშირში გაწევრიანების თუ ნატო–სკენ სვლის მთელი ეს პროცესი ვერ იმუშავებს, თუ მიდგომა ისაა, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად კეთდება. ამ პროცესის მთავარი სიძლიერე ხალხის მიერ იმის გაცნობიერებაა — რასაც ამერიკის მთავრობისთვის მუშაობისას ბალტიისპირეთის თუ სხვა ქვეყნების მიდგომებში ვხედავდი — რომ რასაც ვაკეთებთ, ჩვენი თავისა და ხალხის დასახმარებლად, ჩვენი პირადი თავისუფლებების, ქვეყნის დასაცავად, მისი უსაფრთხოებისათვის ვაკეთებთ.

მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ამ ყველაფერს, რეფორმების დღის წესრიგს, ბრიუსელისთვის, შარლ მიშელის ან [საფრანგეთის] პრეზიდენტ მაკრონისათვის კი არ მივყვებით, არამედ ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის. ეს რეფორმები უნდა ქართველი ხალხის ერთიმეორისადმი პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობდეს, რომ მას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, რომ ქართველმა მშობლებმა თავიანთი შვილების მომავალი ამ ქვეყანას დაუკავშირონ; არ მოუწიოთ იმაზე ფიქრი, რომ მათი შვილები მაინცდამაინც საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ სამუშაოს თუ თავისუფლების საძიებლად; რომ აქაც შეიძლება, ეს ყველაფერი გამოვიდეს; რომ აქაურობაც შეიძლება, იყოს ევროპა. ეს ტრანზიციის პერიოდი მნიშვნელოვანია და მაფიქრებს იგი. მივესალმები ევროკავშირის განაცხადს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. [ამერიკის] მთავრობაში მუშაობისას, ევროპელი პოლიტიკოსები ამის აღიარებისგანაც თავს იკავებდნენ. ამდენად, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამასთან, გვხვდება აშკარა ნიშანიც იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთება და იმედგაცრუება [საქართველოს მხრიდან] პროგრესის ნაკლებობასა და იმისკენ სწრაფვაზე, რასაც დემოკრატიის ეფუძნება. ამდენად, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ "რა უნდა გავუკეთო ბრიუსელს", არამედ იფიქრონ, რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისივე მოქალაქეებისა და მათი მისწრაფებებისთვის. ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება, როდესაც ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ. ეს ალიანსები არჩევანს ეფუძნება. საქართველოს არავინ აიძულებს რამე გააკეთოს. უნდა საქართველოს დემოკრატიული მომავალი? თუკი უნდა, თუკი სურს ამ ინსტიტუტების წევრი იყოს, უნდა [გააცნობიეროს], რომ ამ მხრივ გარკვეული ტიპის მოლოდინებიც იქნება, თუმცა ეს მოლოდინები ქართულ მოლოდინებადვე უნდა იქნას აღქმული. ახლა [ამ მხრივ] გარკვეული კითხვა არსებობს, თუმცა კი ნათელია ქართველი ხალხის წადილი, სად ხედავს იგი თავის ადგილს მომავალში. ეს ეჭვმიუტანელი საკითხია, რასაც გამოკითხვების მონაცემებიც მოწმობს, მოწმობს ის, რასაც მთელ ქვეყანაში, სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ქართველებისაგან ვისმენთ. და მაინც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უწყვეტი ერთგულება იმ ნაკისრი ვალდებულებებისადმი, რომელთაც რეფორმების ჯეროვანი შესრულება უნდა მოჰყვეს", – განაცხადა ვილსონმა "Civil.ge"-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S