აღმოსავლური პასუხი არძინბებს, ტანიებს, კადიროვებსა და მათ უკან მდგომს

02-07-2022 19:39:55 კონფლიქტები

აფხაზეთში ტაქსით სარგებლობა აშშ-ის ლიდერ ჯოზეფ ბაიდენის კვალდაკვალ ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც აეკრძალა. კომპანია «А-Такси»-ს ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში გამოქვეყნდა. ნაკლებ სავარაუდოა, ან ბაიდენს, ან ტოკაევს ოდესმე ამ სერვისით სარგებლობა ჰქონოდათ გეგმაში და ეჭვი მეპარება, მათ დიდად ენერვიულათ ამ "სანქციის" გამო. აი რეკლამა კი კომპანიამ ნამდვილად ურიგო გაიკეთა: მისი დემარშის შესახებ ინფორმაცია ხომ, გარკვეული კომიკურობის გათვალისწინებით, სიამოვნებით აიტაცა არაერთმა სხვა მედიასაშუალებამაც.

“დასჯის” მიზეზად კი იქცა ტოკაევის მიერ პეტერბურგის ამასწინანდელ “საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე” რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით გაკეთებული განცხადება: “[…] თვითგამორკვევის უფლების რეალიზების შემთხვევაში მსოფლიოში ამჟამინდელი 193-ის ნაცვლად, 500-600 სახელმწიფოს მივიღებთ, რაც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ქაოსს გამოიწვევს. ამდენად, ყაზახეთი არ აღიარებს არც კოსოვოს, არც ტაივანს, არც აფხაზეთს, არც სამხრეთ ოსეთს და როგორც ჩანს, ასეთივე მიდგომა გვექნება დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მიმართაც, რომლებსაც კვაზისახელმწიფოებად მივიჩნევთო”.

ტაივანიდან და კოსოვოდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. დუმან ცხინვალშიც. როგორც ჩანს, მოსკოვის ბრძანებას ელიან დონეცკსა და ლუჰანსკშიც. აი, აფხაზეთში კი ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებამ ნეგატიური გამოხმაურებების ზვავი გამოიწვია. აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრი” ინალ არძინბა დაემუქრა კიდეც ყაზახეთს, “ჩვენ მშვიდობიანი სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, […], მაგრამ სჯობს, ჩვენი უფლებების დარღვევა არავინ სცადოსო». ხოლო “საგარეო უწყების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა” კან ტანიამ გადაწყვიტა, ტოკაევისთვის ისტორია, პოლიტიკა და დიპლომატია ესწავლებინა. საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მან დაწერა, რომ “არსობრივად, თავად ყაზახეთის სახელმწიფოებრიობა უახლეს ისტორიაში თითქმის იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტების ისტორია და ოდნავ მეტს, ვიდრე დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების”, რომ “ქაოსი იმ ქვეყნების ლიდერების გამო ჩნდება, რომლებმაც არ იციან ისტორია და პატივს არ სცემენ სხვა ხალხების უფლებებს, განურჩევლად მათი რიცხოვნობისა» და რომ “მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში დიპლომატიურ განათლებამიღებული ტოკაევის განცხადება სტუდენტისას უფრო ჰგავდა, ვიდრე დიპლომატისას და პრეზიდენტისას”.

რაღა თქმა უნდა, ტოკაევი სტუდენტი არაა. იგი არ თავხედობს, არ ღრენს უძლურებისგან უმწიფარი პოლიტიკოსივით. მან ზუსტად იცის, რა მიზნით სად ვის რა უთხრას და რით დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში. პუტინის რეჟიმისგან განსხვავებით, რომლის მხარდაჭერასაც ასე ხისტად მოითხოვს მისგან კან ტანია, ტოკაევი თავს არავის ესხმის, ათასი გამოგონილი საბაბით არავის ტერიტორიების ოკუპაციას არ ახდენს, ხოლო შემდეგ არ იერთებს და ამ პროცესში “სხვა ხალხების უფლებების პატივისცემაზე” არ ღაღადებს. იგი უბრალოდ მშვიდად და გააზრებულად იცავს თავის ინტერესებს, კან ტანიასგან განსხვავებით – თავისას და არა პუტინისას, რომელმაც ამასწინათ თანამედროვე პეტრე პირველად, “რუსული მიწების შემგროვებლად” გამოაცხადა თავი, სუვერენული მეზობლების მიწების დაპყრობანას თამაშში მეტისმეტად გაერთო, რეალობას ასცდა, თანაც ხასიათდება მავნე ჩვევით, აღიარებდეს სწორედ მათ დამოუკიდებლობას, ვისაც შემდგომში მიერთებას უპირებს. ამასთან, ტოკაევმა, კან ტანიასგან განსხვავებით, მშვენივრად იცის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელსაც თავის დროზე პუტინიც დეკლარირებდა – რომ “პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს”. და არც ჰგავს დიდად მეგობრობას მოსკოვიდან ყაზახეთისადმი უკვე არაერთგზის გაჟღერებული მუქარა “უკრაინული სცენარის გამეორების” თაობაზე. რაც მთავარია, ტოკაევს, ინალ არძინბასა და კან ტანიასგან განსხვავებით, ესმის, რომ საზიანოა მეგობრობა საერთაშორისო დამნაშავესთან, გარიყულთან, ოკუპანტთან და აგრესორთან, რომელიც საკუთარი ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად უკრაინაში მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს აუპატიურებს, აწამებს და კლავს; რომ ასეთებთან არც ერთი თავმოყვარე, გამოცდილი პოლიტიკოსი არ გააგრძელებს ახლობლობას, თუკი ფიქრობს საკუთარ კარიერასა და თავისი ქვეყნის მომავალზე.

სწორედ ამიტომ მსხვილი ინვესტორების, ბიზნესმენებისა და მსოფლიო ლიდერების ნაცვლად, როგორც ადრე იყო, წლევანდელი ფორუმის “ვარსკვალებად” იქცნენ თალიბები, რომლებიც თავად რუსეთშიც კი ტერორისტებად არიან მიჩნეულები. პეტერბურგის ფორუმი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა კრემლისთვის უკრაინასთან ომის პირობებში და რომელიც პუტინის მიერ ახალი ანტიდასავლური კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოკავშირეების კონსოლიდაციის პლატფორმად მოიაზრებოდა, მხოლოდ მორიგ მტკიცებულებად იქცა იმისა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია. ერთ დროს პრესტიჟული ეს ღონისძიება, რომელმაც ამჯერად კრემლის საგარეო პოლიტიკაში არსებულ კატასტროფულ ჩავარდნებს ახადა ფარდა, პუტინი საერთაშორისო მედიაში დაცინვის ობიექტად აქცია და რუსეთის საერთაშორისო პოზიციების შესუსტების დამატებით მტკიცებულებად იქცა, საკუთარი თავის კარიკატურას უფრო ჰგავდა.

ახლა კრემლის პროპაგანდა გამალებული ცდილობს საიმიჯო ზიანის შენიღბვას. რუსულ საზოგადოებას არწმუნებენ, “გეოპოლიტიკას თავისი წყალქვეშა ქვები ახასიათებს”, “მოკავშირეების საჯარო გამონათქვამები რეალობას არ ასახავსო” და ა.შ. მაგრამ თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ ძალას ატანენ თავს, რომ გაღიზიანება არ გამოამჟღავნონ და როგორც ჩანს, აცნობიერებენ: საქმე არა უბრალოდ ცუდადაა, არამედ იმაზე ბევრად ცუდად, ვიდრე წარმოედგინათ, როცა მეზობლების მიმართ მორიგ აგრესიას იწყებდნენ. კრემლის ბინადრები კბილებს აღრჭიალებენ და ამ ღრჭიალში მკაფიოდ ისმის სიტყვა “ღალატი”, რაც უპირველესად, ყაზახეთისა და ჩინეთისკენაა მიმართული - მათკენ, ვინც ასე ძალიან ეიმედებოდა პუტინს. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან ფაქტობრივად, ღიად ითხოვა მათი მხარდაჭერა: “დიდი შეცდომაა, იფიქრო, რომ ამ მასშტაბური ცვლილებების პერიოდს გადააგორებ, განზე მოიცდი, მერე კი ყველაფერი დალაგდება და ძველებურად იქნება… ასე არ მოხდება, ძველებურად აღარაფერი იქნებაო!”. მაგრამ ყაზახეთმა და ჩინეთმა ფაქტობრივად, პირდაპირი ტექსტით უპასუხეს: ვოლოდია, შენი არაფერი გვმართებსო!

და რა მოიმოქმედა მოსკოვმა? არც არაფერი! ჯერ-ჯერობით ერთადერთი, ვინც საჯაროდ გამოთქვა, რას ფიქრობენ ზემოაღნიშნულზე კრემლში, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია. მან ტოკაევი ღალატში დაადანაშაულა და იქვე მიაყოლა სომხეთის პრემიერიც, რომელიც, მისი შეფასებით, ასევე ვალშია პუტინთან, მაგრამ მისი მხარდაჭერა არ სურს: “რუსეთმა გადაარჩინა ყაზახეთი… როცა ყაზახეთი სუვერენიტეტს კარგავდა, ვინ დაეხმარა? - რუსეთი! როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი იყო, ვინ შეასრულა საკვანძო როლი? - პუტინმაო!”. მაგრამ ტოკაევმა ამ გამოხტომასაც მყისიერი ხისტი პასუხი გასცა, განაცხადა რა რუსულ ტელევიზიასთან ინტერიუში, რომ სულაც არ აპირებს, მუდამ ემსახუროს და ფეხქვეშ გაეგოს რუსეთს: “რუსეთში ზოგიერთები ცრუობენ, თითქოს რუსეთმა ყაზახეთი გადაარჩინა და ახლა ჩვენ სამუდამო ვალში ვართ მასთან, მუდამ უნდა ვემსახუროთ და ფეხქვეშ ვეგოთ. ვთვლი, რომ ეს სრულიად გაუმართლებელი მსჯელობაა, მე ვიტყოდი, შორს მდგომი რეალობისგანო”.

მაინც რატომ არ ეშინია ყაზახეთის ლიდერს პუტინის? უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხომ რუსეთის პრეზიდენტთან მსგავსი ტონით საუბარი თითქოსდა სარისკო უნდა იყოს. მით უფრო, რომ კრემლში მჯდომი "ცხელი თავები" ხშირ-ხშირად “შეახსენებენ” ყაზახეთს “რუსულენოვან მოსახლეობას”. პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: ყაზახეთს უკან ჩინეთი უდგას.

ნიუანსებში გასარკვევად საკმარისია, ტოკაევის ბიოგრაფიიდან რიგი ფაქტები გააანალიზო. კან ტანიამ, თუ მისი კომენტარით ვიმსჯელებთ, ამ ბიოგრაფიაში ჩაიხედა, მაგრამ დაინახა კი ის, რაც უნდა დაენახა? ტოკაევი მართლაც სწავლობდა მოსკოვში და დიპლომატიური განათლება იქაურ საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში აქვს მიღებული, აი ენობრივი სტაჟირება კი მან პეკინის ლინგვისტიკურ ინსტიტუტში გაიარა, რის შემდეგაც რამდენიმე წელი ჩინეთში საბჭოთა კავშირის საელჩოში იმუშავა. ჯერ კიდევ სტუნდეტობის დროიდან იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩინეთთან, საუკეთესოდ ფლობს ჩინურს, დიდი ხანია, დამყარებული აქვს კარგი ურთიერთობები ჩინელ პოლიტიკოსებსა და ჩინოსნებთან და არასოდეს (მათ შორის – არც საგარეო საქმეთა მინისტრად და მთავრობის მეთაურად მუშაობის პერიოდში) მალავდა თავის პროჩინურ ორიენტაციას.

პეტერბურგის სამიტზე ტოკაევი არ ჩასულა პუტინის მოკავშირის სტატუსით - როგორც თავად რუსეთის ლიდერს ეგონა. იგი ჩავიდა კონკრეტული მისიით: ყველასთვის მაქსიმალურად გასაგები ფორმით მიეტანა რუსეთის პრეზიდენტამდე იმის გზავნილები, ვისაც პუტინი მოკავშირედ თვლიდა. საუბარია სი ცზინპინზე – ჩინეთის ლიდერზე, რომელიც ფორუმზე არ ჩასულა – მეტისმეტად დიდი პატივი იქნებოდა და იმიტომ. მისი გზავნილები კი, ანალიტიკოსების აზრით, ასეთია: 1. ჩინეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებს. რუსეთის შესაძლო მცდელობები, უკრაინის გარკვეული ტერიტორიები მიიერთოს, ჩინეთში გაგებას ვერ ჰპოვებს. პუტინის ლოგიკა მისი ქმედებების საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობის შესახებ პეკინისთვის მიუღებელია; 2. ჩინეთი რუსეთის საამებლად დასავლეთთან თავისი ეკონომიკური ურთიერთობებით გარისკვას არ აპირებს. მას სჭირდება აშშ-სა და ევროპასთან ვაჭრობა, ამდენად, მას არ შეწყვეტს და დასავლეთის ანტირუსულ სანქციებსაც დაიცავს; 3. ჩინეთი ძირშივე კლავს პუტინის მცდელობებს, განავრცოს რუსეთის გავლენა აღმოსავლეთის ქვეყნებზე და უპირველესად ყაზახეთზე; 4. ჩინეთს არ სურს დასავეთისა და აღმოსავლეთის გლობალური ომი. მას ურჩევნია, მოურიგდეს აშშ-ს, მის მოკავშირეებს და არა ეომოს მათ და მით უფრო ბირთვული იარაღი აჟღარუნოს; 5. ჩინეთი არასოდეს ყოფილა რუსეთის მოკავშირე და მით უფრო არაა დღეს. რუსეთი მისთვის უფრო საკვებია, იაფი რესურსები, მაგრამ არა თანასწორი პარტნიორი.

არაერთი ანალიტიკოსი, მათ შორის რუსიც თვლის, რომ თუ ჩინეთი ცოტა უფრო მეტი დაჟინებით დაიწყებს მოქმედებას, რუსეთს, არსობრივად, არ რჩება არგუმენტი საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რადგან თავისი გაუაზრებელი ავანტიურისტული პოლიტიკით პუტინმა ქვეყანას ხელიდან ყველა არგუმენტი გამოაცალა. მათივე აზრით, მარტივად შესაძლებელია, ომის შემდეგ ჩინეთმა პუტინი არჩევანის წინაშე დააყენოს: ან ძალაუფლებას კარგავ, ან ინარჩუნებ ჩინეთის მხარდაჭერით, მაგრამ ივიწყებ გლობალურ ამბიციებს და პროჩინური ორიენტაციის რეგიონული ლიდერის როლს სჯერდები – დაახლოებით ისეთს, როგორიც ტოკაევს აქვს. რუსეთის შემდგომ ხელისუფლებას კი, რომელიც პუტინს შეცვლის, ძალზე რთულ გამოწვევად შეიძლება, ექცეს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრების დაცვა.

იციან კი მთელი ამ პოლიტიკური წიაღსვლების შესახებ იმ ახალგაზრდა აფხაზმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ტოკაევს ასწავლიან ჭკუას? ხედავენ კი ისინი სხვაობას აფხაზეთისა და პუტინის რუსეთის ინტერესებს შორის? თუ მათი გამონათქვამებით ვიმსჯელებთ - არა. ამდენად, მათ ადგილზე რომ ვიყო, ახლა კარგად დავფიქრდებოდი როგორც საკუთარ ხვალინდელ დღეზე, ისე აფხაზეთის მომავალზე.

ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები