ჯაფარიძე მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს: "ჩვენზეა დამოკიდებული დასავლეთის მოლოდინს გავამართლებთ, თუ – ივანიშვილისას"
03/07/2022 10:08:47 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მოქალაქეებს დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ ოლიგარქიის დასრულებას. ჩვენგან ელოდება და არა კობახიძეებისგან. ივანიშვილი ელოდება ჩვენგან, რომ დავიღლებით. ჩვენზეა დამოკიდებული, რომლის მოლოდინს გავამართლებთ. დღეს 20.00-ზე რუსთაველზე", – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
დღეს თბილისში აქცია იმართება. მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მთავარი მოთხოვნებია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც "იმუშავებს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დათქმული 12 პირობის შესრულებაზე, რაც, თავის მხრივ, გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს".
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.
დღევანდელ აქციაზე დიდი რაოდენობით მონაწილეებს ელოდებიან რეგიონებიდანაც. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში მმართველი პარტიის აქტივისტები თავს ესხმოდნენ ოპოზიციისა და მოძრაობის წარმომადგენლებს თბილისსა და რეგიონებში. ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა მოთხოვა.


