Accentnews.ge
ვაშაძე – საჯარო მოხელეებს: "ოცნებას" თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ და მოდით აქციაზე"

ვაშაძე – საჯარო მოხელეებს: "ოცნებას" თქვენი რწმენის გატეხვა უნდა, არ დაემორჩილოთ და მოდით აქციაზე"

03/07/2022 10:15:02 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, "ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებზე ტოტალური ზეწოლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას არ შეუერთდნენ".

ვაშაძემ მათ მოუწოდა, არ დაემორჩილონ "ქართულ ოცნებას" და 20:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე. მაგრამ, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საჯარო მოხელეებზე, მათი დაშინება, ძალადობა. მივმართავ საჯარო მოხელეებს, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი ძალისაც ყველაზე მეტად ეშინია "ქართულ ოცნებას" და უნდათ, რომ თქვენ გაგტეხონ, მაგრამ მე გაძლევთ ერთ პირდაპირ გარანტიას, რომ ჩვენ თქვენ გვერდით დავდგებით. თქვენი რწმენის გატეხა უნდათ და არცერთ შემთხვევაში არ დაემორჩილოთ მათ. მოდით აქციაზე, ღირსეულად, ისე, როგორც თქვენს პატრიოტულ სულს შეეფერება", -განაცხადა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციისთვის საჭირო ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება სწორედ საჯარო მოხელეების მონაწილეობით უნდა მოხდეს:

"იცოდეთ, ევროპისკენ სვლა ნიშნავს სწორედ თქვენთან ერთად, უზარმაზარი, ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას, რომლის თანამონაწილე იქნებით თქვენ. მე ძალიან კარგად ვიცი, თქვენ რამხელა საქმის კეთება შეგიძლიათ ქვეყანაში. ყველას, ვისაც რაიმე ტიპის შეზღუდვა ან შევიწროება გექნებათ, დამიკავშირდით პირადად მე, თქვენს გვერდით დავდგები. სადაც არ უნდა იყოთ, მყისიერად გავჩნდებით იქ. ვერავინ ვერასდროს თქვენს უფლებებს ვერ შებღალავს".

დღეს თბილისში აქცია იმართება. მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მთავარი მოთხოვნებია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც "იმუშავებს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დათქმული 12 პირობის შესრულებაზე, რაც, თავის მხრივ, გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს".

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

დღევანდელ აქციაზე დიდი რაოდენობით მონაწილეებს ელოდებიან რეგიონებიდანაც. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში მმართველი პარტიის აქტივისტები თავს ესხმოდნენ ოპოზიციისა და მოძრაობის წარმომადგენლებს თბილისსა და რეგიონებში. ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა მოთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S