ლაშა ბუღაძე: "გავაგრძელებთ პროტესტს მანამ, ვიდრე საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს"
03/07/2022 16:40:48 პოლიტიკა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "შინ ევროპისკენ" წამყვანი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ "პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიიღებს".
"დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს", –განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის პირობების შესრულების თაობაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი გეგმა რეალურად დროის გაყვანას ემსახურება.
"ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ და გავაგრძელოთ ჩევნი პროტესტი", – აცხადებს ბუღაძე.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია ევროკავშირის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.


