აქციის მონაწილეების ნაწილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებს
03/07/2022 18:25:13 პოლიტიკა
აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეების ნაწილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ დემონსტრანტებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა.
"მხოლოდ 3000 ადამიანი წავა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას", – განაცხადა მშვენიერაძემ.
როგორც გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე აღნიშნა, ეს იქნება აქციის პირველი კერა და თუ ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს, ქალაქში მრავალი ასეთი კერა გაჩნდება.
აქციის მონაწილეთა დანარჩენილი ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.


