გიორგი მშვენიერაძე „ქართული ოცნების“ ოფისთან: "როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული"
03/07/2022 19:40:39 პოლიტიკა
იურისტ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დაგეგმილი პოლიტიკა არის საქართველოს ეროვნული საფრთხე.
„აქ იგეგმებოდა კობახიძის განცხადებები, აქ იგეგმებოდა მდინარაძის ირონია და აქ დაგეგმილი პოლიტიკა არის ჩვენი ეროვნული საფრთხე. ამიტომ, ამ შენობაში რომ ადამიანები იკრიბებიან, აქედან უნდა მოვუწოდოთ, რომ ჩვენ ვიცით, სად არის ბოროტების სათავე. მოვედით იმიტომ, რომ მოგვენიშნა ეს ტერიტორია, ჩვენ აქ მოვალთ და როდესაც მეორედ მოვალთ, ეს იქნება თქვენი დასასრული. დასასრული არა, როგორც ადამიანების, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თქვენთვისაც გვინდა, არამედ დასასრული, როგორც ანტიდასავლური პოლიტიკისა. ახლა, მეგობრებო, ერთი გამამხნევებელი ხმა გავაგონოთ და ვუთხრათ მთავარი სათქმელი - წადი!“, - განაცხადა მშვენიერაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები 30 წელია დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, ბოლო თვეების განმავლობაში კი, ყველა ფარული ბრძოლის თვითმხილველი გახდა.
„ვნახეთ, როგორ მიდიოდა ფარული ბრძოლა ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა სწორედ ამ შენობიდან მომდინარეობდა, ამიტომ ვართ დღეს, აქ“, - განაცხადა მშვენიერაძემ.
"ქართული ოცნების" ოფისთან ხანმოკლე აქციის შემდეგ დემონსტრანტები კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდებიან.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ. ხვალ დილით კი ქალაქში აქციის მესამე კერა გაჩნდება. კერძოდ, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებს.
"დილით წავალთ და შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს", დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას. [...] მივალთ დილით და ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ", – განაცხადა დიღმელაშვილმა.


