ჩეჩნეთის შემადგენლობაში შესვლა? - დაღესტანში საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ტერიტორიების დაკარგვის ეშინიათ

04-07-2022 13:21:45 კავკასია

დაღესტანში მომზადდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა შორის ორმა მოსახლეობაში განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველი ეხება რესპუბლიკის ხელმძღვანელად ზედიზედ ორ ვადაზე მეტი ხნით მუშაობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე - დაღესტნის ლიდერისთვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობის მოხსნას. Кавказ.Реалии-ს ინფორმაციით, სანამ აქტივისტები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში რესპუბლიკის საზღვრების შესაძლო შეცვლის გამო გამოთქვამენ შეშფოთებას, რიგი დეპუტატები დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის გაერთიანების პერსპექტივებს განიხილავენ.

კანონპროექტი ოფიციალურ საიტზე საპარლამენტო სესიამდე ორიოდ დღით ადრე გამოქვეყნდა და რომ არა მედიასაშუალებები, მის შესახებ პარლამენტის სხდომამდე ვერავინ გაიგებდა. სესიამდე ერთი დღით ადრე მახაჭყალაში გაიმართა საექსპერტო-საზოგადოებრივი ფორუმი, რომელშიც 70-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას დაესწრო რესპუბლიკის ხელძღვანელის ოფისის წარმომადგენელი ნიუსრეტ ომაროვიც, რომელმაც ცვლილებების საჭიროება "რეგიონული კონსტიტუციის ფედერალურთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით" ახსნა.

"რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, ფედერაციის სუბიექტების საზღვრების შეცვლა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. შესაბამისად, რესპუბლიკის თანხმობის გარეშე დაღესტნის საზღვრებს ვერავინ შეცვლის", – განაცხადა ომაროვმა და დასძინა, რომ პარლამენტის დაუკითხავად "დაღესტნური მიწის არც ერთი გოჯი არსად წავა".

თუმცა ამან ვერ დაამშვიდა სკეპტიკოსები, რომელთა აზრით, დეპუტატებმა შესაძლოა, ისარგებლონ შესაძლებლობით, მეზობელ რეგიონთან შეთანხმება გააფორმონ.

ფორუმზე აქტივისტებმა "საბედისწერო საკითხების გადაწყვეტისას ხალხის აზრის ფეხებზე დაკიდების" შესახებ განაცხადეს, - უამბო Кавказ.Реалии-ს საზოგადო მოღვაწე დენგა ხალიდოვმა. იგი დარწმუნევულია, რომ "ვიღაც ზედა ეშელონებში ზეწოლას ახორციელებს და ცდილობს, სადავო ჩასწორებები ზედმეტი ხმაურის გარეშე განახორციელოს".

"ფორუმის მონაწილეთა საერთო აზრია, რომ ყველა საკვანძო კანონპროექტი, მით უფრო საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო საზოგადოებრივ განხილვას უნდა გადიოდეს და არა მალულად გაჰქონდეთ პარლამენტის წყალობით", – ამბობს ხალიდოვი.

ცოტა ხნით ადრე დაღესტნის სახალხო კრების დეპუტატმა საგიდ საგიდოვმა ასევე გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ ჩასწორებების პროექტი "მოწმენდილ ცაზე მეხივით" გამოჩნდა" – აქაოდა, მის შესახებ წინასწარ არც დეპუტატებმა იცოდნენო.

"საბოლოო ჯამში, ცუდები დეპუტატები გამოდიან. ახლა სოცქსელებში ვერ შეხვალ - სულ შეურაცხყოფებია. ეს რას ჰგავს?" – წუხს საგიდოვი.

ამასთან, მისივე აზრით, ჩასწორებების გამო ტერიტორიულ მთლიანობაზე "ღელვა არ ღირს - სამომავლოდ ხომ დაღესტანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი ერთ რეგიონად შეიძლება, იქცეს და ამაში არავითარი პრობლემა არაა".

"ვფიქრობ, მივალთ იქამდე, რომ სამომავლოდ სამი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკა გაერთიანდება. ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ. თუ სადღეისოდ ამას ვერ აღვიქვამთ, ჩვენი შვილები აღიქვამენ და ვფიქრობ, ეს ჩვენს სიცოცხლეშივე მოხდება", – აცხადებს საგიდოვი.

დეპუტატების აქტიური თანხმობა

სესიის დროს სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მელიქოვმა ჩასწორებების მოწინააღმდეგეები მკაცრად გააკრიტიკა და "შესთავაზა" მათ, "პირში უთხრან, რომ ის, როგორც ხელმძღვანელი, დაღესტნელი და გენერალ-პოლკოვნიკი, რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას არ დაიცავს". მან დასძინა, რომ "ერთადერთი, რაც რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, დაღესტანში მყოფი ცალკეული პირები არიან". "ვურჩევ ამ "ექსპერტებს", უკეთ შეისწავლონ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის თემა, ის, თუ რაზეა იგი დამოკიდებული სადღეისოდ: გარე ფაქტორებზე, თუ კორუფციასა და თაღლითობაზე, რომელსაც 30 წელი ვასაზრდოებდით დაღესტანში?" – განაცხადა მელიქოვმა.

შედეგად 81-მა დეპუტატმა ჩასწორებებს დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა. ძალაში შესასვლელად ჩასწორებების პროექტმა განხილვების რამდენიე ეტაპი უნდა გაიაროს და მეორე მოსმენა საშემოდგომოდ ჩაინიშნა.

ტერიტორიული მთლიანობის თემა რესპუბლიკისთვის, მათ შორის, იმიტომაა აქტუალური, რომ დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის დემარკაცია ჯერ არ დასრულებულა, - აღნიშნავს პოლიტიკური მიმომხილველი მაგომედ მაგომედოვი. Кавказ.Реалии-სთან საუბრისას მან ისიც აღნიშნა, რომ ადრე საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად ჩეჩნეთს ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი გადაეცა.

"ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის მრავალრიცხოვანი სადავო ტერიტორიები არსებობს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩანდა, რომ ძლიერი პოლიტიკური წნეხის ქვეშ ჩვენი რესპუბლიკა მზად იყო, გარკვეული მიწები დაეთმო. ახლა, როცა ტერიტორიულ მთლიანობაზე პასუხისმგებლობა სახალხო კრების დეპუტატებსა და სპიკერს აკისრიათ, ეს იწვევს კითხვას: რა საჭიროა მმართველი, რომელიც პასუხს არაფერზე აგებს?" – ამბობს მაგომედოვი.

მისი თქმით, მელიქოვსა და ჩეჩნეთის ლიდერ კადიროვს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც ქმნის რისკს, დაღესტანმა გარკვეული ტერიტორიები მართლაც დაკარგოს და ამ ფონზე კანონით რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი იყოს.

ამას დენგა ხალიდოვიც ეთანხმება. მისი თქმით, ჩასწორების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეუძლია, ტერიტორიული საკითხი მუნიციპალური დონის მმართველებს "გადააკისროს", რომლებითაც მანიპულირება ადვილია.

"თუ რაიონებისა და ქალაქების თავკაცები შეეწინააღმდეგებიან ზემოდან მითითებებს, მაგალითად, მეზობელი სუბიექტისთვის მიწების გადაცემის შესახებ, კანონით, რესპუბლიკის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ისინი გადააყენოს", – განმარტავს ხალიდოვი.

მისივე თქმით, არსებობს "გარკვეული სიგნალები" ჩეჩნეთის მოსაზღვრე რიგი რაიონებიდან, რომლებიც მსგავს საფრთხეზე მიუთითებს.

ლიდერი სამუდამოდ?

კიდევ ერთი სადავო საკონსტიტუციო ჩასწორება რესპუბლიკის ხელმძღვანელს მიყოლებით ორზე მეტი ვადით არჩევის უფლებას ანიჭებს. მაგომედოვის აზრით, ეს ჩასწორება წარმოადგენს ადმინისტრაციის ან სამართლებრივი სამმართველოს მცდელობას, სერგეი მელიქოვს ასიამოვნონ. ვერავითარ ლოგიკას ექსპერტი მასში ვერ ხედავს, რადგან წინა მმართველები სავარძლებს ვადის ბოლომდე ვერ ინარჩუნებდნენ.

"რესპუბლიკის ბოლო სამ ლიდერს რომ გადავხედოთ, ვადის ბოლომდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია იმის გამო, რომ არ წყვეტდა აქტუალურ პრობლემებს, ან არ შეეძლოთ, ან არ სურდათ ამ მიმართულებით მუშაობის სწორად ორგანიზება და ამის ნაცვლად პირადი საკითხების მოგვარებით იყვნენ დაკავებული", – აღნიშნავს მიმომხილველი.

ეს ჩასწორება, მისი აზრით, "ოპტიმისტურად" გამოიყურება მისი ინიციატორების ხედვით, მაგრამ გარანტიები იმისა, რომ მელიქოვს ვადის ბოლომდე დატოვებენ, არ არსებობს.

"დაღესტნის პრობლემები, რამდენადაც გვესმის, მხოლოდ გაღრმავდება. სახეზეა ეკონომიკის გარკვეული სფეროების მონოპოლიზაცია, გადაუჭრელია საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ათვისების პრობლემები. აზრიანს ეს ინიციატივა არაფერს შეიცავს. კოჭის გაგორება მოინდომეს და ეგაა", – თვლის ექსპერტი.

****

2019 წელს ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის საზღვრებთან დაკავშირებული კონფლიქტი მოხდა. თავიდან სოცქსელებში ყიზლარის მცხოვრებთა მიერ დამზადებული ვიდეორგოლი გაჩნდა: მასზე გამოსახული იყო ქალაქიდან გასასვლელში, ტრასაზე დამონტაჟებული ახალი ნიშანი იმისა, რომ ეს ჩეჩნური ტერიტორიაა. მოგვიანებით ადგილობრივთა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ეს ნიშანი აიღეს.

შემდგომში რესპუბლიკების ხელისუფლებების წარმომადგენლებმა თითქოს თანხმობას მიაღწიეს – დემონტირებული ნიშანი ადგილზე დააბრუნეს, მის მოპირდაპირედ კი ახალი - დაღესტნური ნიშანი განათავსეს. თუმცა საზღვრის დემარკაციის საკითხი მუდმივად დგებოდა დღის წესრიგში მომდევნო წელსაც – მასში ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვიც ჩაერთო.

გასულ წელს ჩეჩენმა მხედრებმა რესპუბლიკის დროშებით ხელში დაღესტანში კავკასიური ომის ცნობილი ჩეჩენი ნაიბის - ბაისანგურ ბენოელის საფლავის მონახულება სცადეს. იმის გამო, რომ ლაშქრობა შეთანხმებული არ იყო დაღესტნის ხელისუფლებასთან, კოლონა ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები