"ევროკომისიის 12 პუნქტიდან არც ერთი არ ეხება საარჩევნო ბარიერს"
04/07/2022 13:34:29 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის მოთხოვნებში გაწერილი არაა ე.წ. მიშელის დოკუმენტის შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის და ამაზე საუბარი მანიპულაციაა.
მისი თქმით, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტმა საარჩევნო ბარიერის დასაწევად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა განაახლოს, ცდილობს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის გარდა სხვა საკითხებიც შემოიტანოს დღის წესრიგში:
„12 პრიორიტეტი, რომელიც ევროკომისიამ დაადგინა, არც ერთი პუნქტი არ ეხება საარჩევნო ბარიერს. მარტივი მანიპულაციაა, იქ წერია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება დეპოლარიზაციისთვის, იქ არსად წერია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის შესრულება დეპოლარიზაციისთვის. ეს არის მარტივი მანიპულაცია, ვინმეს რომ ნდომოდა, პირდაპირ იტყოდა. მაგალითად, გენერალური პროკურორის არჩევაზე პირდაპირ წერია ის, რაც „19 აპრილის შეთანხმებაში იყო. ევროპულმა კომისიამ რაც საჭიროდ ჩათვალა, გადმოიტანა ის საკითხი, სხვა საკითხები არ არის, ამ მანიპულაციას უნდა დაესვას წერტილი".
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე სამუშაოდ პარლამენტი მზად არის, თუმცა ამის წინაპირობა დეპოლარიზაციაა და შემდეგ ბარიერის დაწევა და არა პირიქით, ბარიერის დაწევა, როგორც დეპოლარიზაციის ინსტრუმენტი:
„ჩვენ 2020 წლის არჩევნები ჩავატარეთ 1%-იანი ბარიერის პირობებში და მემგონი ვერავინ შეატყო რამე პოლარიზაციის შესრულების კუთხით. დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს პოლარიზაციის შემცირება, აქამდე დიდი ხნის შესრულებული იქნებოდა“.
ევროკომისიის რეკომენდაციაა, "მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. [...] გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო; მოგვარდეს ამ პროცესში ეუთო/ოდირისა და ევროპული საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები".
რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთახმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, გარდამავალ დებულებებში აისახება, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო პრინციპით გაიმართება, რა დროსაც ბარიერი 2 პროცენტით განისაზღვრება. ცვლილებების მისაღებად კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენაზეცაა საჭირო.


