"რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, პოლიტიკურ პარტიად იქცა"
04/07/2022 13:46:53 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 3 ივლისს თბილისში გამართულ აქციას „შინ ევროპისკენ“ ეხმიანება და აცხადებს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად იქცა.
„დიდი ხანი ვაფრთხილებდით კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა, იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს. პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მონაწილეები არიან პოლიტიკური პროცესების. გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ჩვეულებრივად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ, ფაქტობრივად. ვხედავთ, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ დრო არის, რომ გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
აქცია "შინ ევროპისკენ", რომლის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა იყო, 3 ივლისს 20:00სთ–ზე პარლამენტის შენობის წინ დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს დასრულდა.
აქციების ორგანიზატორს, მოძრაობას „შინ ევროპისკენ", ორი მოთხოვნა ჰქონდა: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.


