რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს და როგორ ხედავენ პროტესტის პერქსპექტივას

04-07-2022 18:09:46 პოლიტიკა

მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომელიც 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაიწყო მოთხოვნით, გადადგეს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, 4 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დროებით დასრულდა. როგორც განიმარტა, დღეს საპროტესტოდ მოქალაქეები არ შეიკრიბებიან, ორგანიზატორები კი სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ფიქრობს, რომ დროა, პროცესებში პოლიტიკოსები ჩაერთონ:

„გვჭირდება, პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ მოახერხოს, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე. მეწაღესთან მიდიხართ, როდესაც ფეხსაცმლის შეკეთება გჭირდება, მაგრამ მეწაღე რომ ზოგჯერ უვარგისია, ეს არ ნიშნავს, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკა საკმარისია იმისთვის, გათვალო, ერთი წერტილიდან მეორემდე რა სიჩქარით მიხვალ და მიხვალ თუ არა საერთოდ. მე 20 ივნისამდეც ვთქვი, რომ ამ გზით მუხტი შეიძლება, ისე დავკარგოთ, რომ კვლავ გამოვიწვიოთ აპათია, უიმედობა, უნდობლობა. ღმერთმა დაგვიფაროს, ჯერ ამ ზღვარზე არ ვართ, მაგრამ შორსაც არ არის! ეს იქნება უპატიებელი რამ! ვინ აღებს შემდეგ პასუხისმგებლობას – რომელი მოძრაობა ან რომელი პარტია, ვინც რაღაცას აორგანიზებ?! მე არ ვაპირებ, ვინმეს დაველოდო. ყველასთან ერთად, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა, მზად ვარ (შესაძლოა, გარკვეული დაგვიანებით), დაუყოვნებლივ ჩავერთო პროცესში. 20 ივნისს, 24 ივნისს და 3 ივლისს მოსული საზოგადოება, ზოგადად, ჩვენი ხალხი არ იმსახურებს იმას, ჩავთვალოთ, რომ ერთი კაცი ან ჯგუფი შეიძლება, იყოს პასუხისმგებელი ამხელა პროცესზე, რომელსაც ქვეყანა ამ საბედისწერო ხიდზე გაჰყავს. საპარლამენტო ოპოზიცია ეს დღეები სულ იკრიბება. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვიმსჯელეთ იმაზე, რა უნდა ვაკეთოთ დაუყოვნებლივ, მათ შორის შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც გუშინ წარმოადგინეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებელი გეგმა. იქნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან და ბოლოს და ბოლოს უნდა გავერკვეთ, არის თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების რესურსი და ამას პოლიტიკოსის გარეშე ვერ გააკეთებ. ნურავინ მისცემს თავს უფლებას, განუსაზღვროს სხვას, ვინ სად უნდა იდგეს, რადგან ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. ახლა გაცხადების დრო არაა, მაგრამ რომ ვხედავ, ასე ნალოლიავები პროცესი შეიძლება, დადგეს კვლავ საფრთხის წინაშე და რომ ვხედავდი, რბილად რომ ვთქვათ, იმედგაცრუებულ ადამიანებს, რომლებიც ტოვებდნენ მიტინგს, თავს ვერ მივცემ უფლებას, ვიღაცის სუბიექტურ აზრს ავყვე. ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს, ოპოზიცია, სამოქალაქო ჯგუფებმა და მათ შორის, პრეზიდენტმა და დამოძღვრას თავი დავანებოთ“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას აზრით, ქვეყნის ამოცანებში – რჟიმი რაც შეიძლება სწრაფად და არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, არაფერი შეცლილა, მაგრამ არასწორია კონკრეტული ვადების დათქმა და არასწორი მოლოდინების შექმნა, რომ კონკრეტულ დღეს განხორციელდება ცვლილებები, რადგან თუ დათქმული დღე ცვლილებების გარეშე ჩაივლის, ამით ავტორიტარული რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საფუძველი და შესაძლოა, საზოგადოების იმედგაცრუებაც გამოიწვიოს.

მისივე ხედვით, არასწორი იყო აქციის ორგანიზატორების მისამართით მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მიერ გაჟღერებული კრიტიკის მიუღებლობა და შემდეგ მეორე უკიდურესობა – დღეს აქციის ორგანიზატორების დემონიზება, რომ 3 ივლისი არ გამოიყენეს.

ბოკერია ამბობს, რომ გეგმა უნდა იყოს ერთი – მოთმინება და მზაობა, მეტი ადამიანის მოტივირება მოხდეს რეჟიმის წინააღმდეგ აქტიური სამოქალაქო პოზიციის დასაკავებლად, მათ შორის არჩევნების მოსაპოვებლად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და მოქალაქეებამდე გზავნილის მისატანად – ივანიშვილის რეჟიმი და თავისუფალი მომავალი შეუთავსებელია და ნიშნავს პუტინის ჭაობში ჩაფლობას, და არა კონკრეტული თარიღების დათქმა, რომ ამ დღეს რაღაც გადაწყდება ან შეიცვლება. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, სწორედ ამ გზავნილით გეგმავს „ევროპული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით ადამიანებთან შეხვედრას, მათთვის საკუთარი არგუმენტების გაზიარებას, მათ შორის ისეთებთან, რომლებიც მანამდე არ იყვნენ პროცესები ჩართულნი. ასევე გეგმავს საუბარს, თუ რას ნიშნავს პუტინის რუსეთი, რათა მათ შეახსენონ ბოროტების სახეს და რომ ივანიშვილის გეზია მის გავლენასთან შეგუება:

„არასწორი იყო და არის განწყობის შექმნა, რომ 2–3 დღეში ან კონკრეტული აქციის დროს გადაწყდება ამბავი. არასწორია ულტიმატუმების წაყენება. ულტიმატუმები დგება, როდესაც წკიპზეა – თუ არ შეასრულებ ამას ავტომატურად რაღაც შედეგი მოჰყვება. სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფრო გრძელი პროცესისთვის, ვიდრე ეს შესაძლოა, ბევრს, ან მეც მსურს, და არ უნდა იყოს განცდა ყოველ დღე, რომ აი, კიდევ ერთი იმედგაცრუება მოხდა. არასწორი იყო, როდესაც „ევროპულ საქართველოს“ გვაკრტიკებდნენ, „რატომ კამათობთ აქციის ორგანიზატორებთანო“. აზრების გამოთქმა ყოველთვის ნორმალური უნდა იყოს. „არჩევნები არ გვინდა, ამის გარეშე ვიპოვოთ გამოსავალი“ – ზოგიერთებმა ეს თქვეს – ფაქტობრივადაც და პრინციპულადაც შეცდომა იყო. არჩევნებით უნდა მოხდეს [ცვლილება] და ამისთვის უნდა ვემზადოთ. სხვაა, ისეთი ვითარება შექმნა, როდესაც რეჟიმი ფაქტობრივად შეგუებულია ძალაუფლების დაკარგვას და იმ უკანონო მეთოდებით, როგორც სხვა არჩევნებზე იქცეოდა, ვერ გადატეხს სიტუაციას. ამას დიდი უმრავლესობის მიღწევა სჭირდება.

გუშინდელმა და მანამდელმა აქციებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ გვყავს მზარდი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც აქამდე ან აქტიურები არ იქვნენ, სტატუს–კვოს უჭერდნენ მხარს და რომელთაც დაინახეს, რომ „ქართული ოცნება“ და დასავლური, თავისუფალი, ღირსეული მომავალი შეუთავსებელია. მოქალაქეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და განმტკიცდეს და ადამიანები მზად უნდა იყვნენ არა ერთ–ორ დღიანი აქციისთვის, არამედ მშვიდობიანი მეთოდებით რეჟიმის რყევისთვის, რომელიც არჩენების გზით მიგვიყვანს ცვლილებებამდე“.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილის ხედვა კი ასეთია:

„ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას. თუმცა, გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოაცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა. და მოხდა ის, რასაც ვამბობდი რამდენიმე დღის წინ – ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ „ქართულ ოცნებას“ გაძლიერებაში. დღეს ოცნებაა ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე – რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია რომ რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო ის მოხდა“, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნტი:

„სათანამშრომლოა – უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე – ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდს ნორმალურ ადამიანებს“.

„მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ტექნიკური მთავრობის“ მოთხოვნა და მსგავსი „სახლობანა მოთხოვნები“ უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ „ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები“:

„12 დავალების შესრულება 6 თვეში – ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია “მოქალაქეები” ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები! საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი! საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“.

ენმ–ის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვერ ხედავს ნიჰილიზმის ნიშნებს, რადგან ხალხი, რომელიც საპროტოდ ქუჩაში გამოვიდა, არსად წასულა, ხოლო ენმ გააგრძელებს ბრძოლას, ივანიშვილის „უკანა ეზოდ“ იქცეს ქვეყანა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზებაში ჩართულები პატივისცემას და მადლობას იმსახურებენ, მაგრამ თუ ვინმე რამით დარჩა უკმაყოფილო, ეს საჭიროებს ანალიზს და მოქალაქეებთან აქტიურ მუშაობას, თუ რას კარგავენ ისინი „ქართული ოცნების“ პირობებში და ამისთვის რეგიონებში „ერთი ან ორი გავლა“ არაა საკმარისი:

„დიახ, რეჟიმთა ბრძოლა რთულია, თანმიმდევრობა, სიმტკიცე, ნებისყოფა ამარცხებს რეჟიმს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ხარვეზი. შესაძლოა, წარმოდგენები სხვადასხვა იყოს, მაგრამ თუ რაღაც ანალიზს ექვემდებარება, რა თქმა უნდა, სტრატეგიული ანალიზი უნდა გავაკეთოთ“.

„ლელოს" წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოადგენს დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის:

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ ოპოზიციამ დაიწყო მუშაობა. ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომლის დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ არის გამზადებული ინიციატივები, კანონპროექტები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დღის წესრიგის მორგება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების დღის წესრიგისთვის და არა სიმულაციური პროცესი, რომ თითქოს რაღაც ხდება, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს ეხმიანება“.

იხილეთ ასევე: კაჭკაჭიშვილი: "სამოქალაქო ჯგუფებმა უნდა იფიქრონ პარტიის შექმნაზე"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები