სამადაშვილი: "ოპოზიცია რიგგარეშე სესიისთვის დღის წესრიგს წარმოვადგენთ"

04-07-2022 18:17:17 პოლიტიკა

„ლელოს" წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოადგენს დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომელიც ასევე მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

როგორც მან პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, „ლელო" და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებს, „რადგან ეს სიმულაციური პროცესია, რეალურად კი არსებობს შემუშავებული კანონპროექტები, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიაზე უნდა მოხდეს“:

„კობახიძემ წარმოადგინა დროის გაყვანის და ფუჭად დაკარგვის გეგმა, რადგან არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ ოპოზიციამ დაიწყო მუშაობა. ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომლის დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ არის გამზადებული ინიციატივები, კანონპროექტები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დღის წესრიგის მორგება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების დღის წესრიგისთვის და არა სიმულაციური პროცესი, რომ თითქოს რაღაც ხდება, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს ეხმიანება,"- განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა გაიმართა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატებმა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები