"პარლამენტის წევრის მიმართ ფარული თვალთვალი ხორციელდებოდა" – დეკანოიძე საგამოძიებო უწყებებში ჩივის
05/07/2022 11:22:59 პოლიტიკა
პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის მიმართ უკანონო თვალთვალი ხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატი პროკურატურაში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩივის, ხოლო თუ საქმეს ადგილობრივ დონეზე არ გამოიძიებენ, რისი მოლოდინიც აქვს, გეგმავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
მან ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტომასალა, რაც დეკანოიძის თქმით, უკანონო თვალთვალს ადასტურებს.
"მთელმა საზოგადოებამ ნახა 28-29 და 30 ივნისის მოვლენები, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს ხელს უშლიდა "ქართული ოცნება" და ორგანიზებულად ახვედრებდა მობილიზებულ ჯგუფებს საკრებულოებიდან იმ კამპანიისთვის, რომელიც გვქონდა და რომლის ფარგლებში მოსახლეობას ვესაუბრებოდით, ეს იყო - "წინ ევროპისკენ". ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, როგორც რეპრესიულ რეჟიმს შეეფერება, ჩვენ შევამჩნიეთ, როგორ ხორციელდებოდა ღია, აშკარა, ფარული თვალთვალი პარლამენტის წევრის, ანუ ჩემ მიმართ. მე ეს გადამოწმებული ინფორმაცია გავუგზავნე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოებს, მაშინაც საზოგადოებას ვაცნობე, რომ აუცილებლად გვექნებოდა რეაგირება ფარულ თვალთვალზე, რომელიც ღიად და დაუფარავად ხორციელდებოდა, რაც რეალურად, ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა",– განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ მსგავსი "კონტროლი და ფარული თვალთვალი რეპრესიული ინსტიტუტების გამოვლინებაა, მათ შორის სუს-ის".
აღნიშნულ საქმეზე დეკანოიძის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დაიცავს. როგორც ის აცხადებს, საქმე ეხება ხატია დეკანოიძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებზე სავარაუდოდ, სუს-ის ავტომობილებით უკანონო თვალთვალს.


