მიქანაძის ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება
05/07/2022 12:35:40 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის ინფორმაციით, 7 ივლისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებთან დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავს.
მიქანაძის თქმით, კონსულტაციები დეპოლარიზაციის საკითხზე მონიტორინგის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით გაიმართება.
ამასთან, როგორც დეპუტატი ამბობს, 11 ივლისს დაგეგმილია სასამართლო რეფორმის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელმაც განხორციელებული რეფორმები უნდა შეფასოს და შემდგომ საქმიანიბასთან დაკავშირებით შეჯერდეს.
"როგორც ხედავთ, მმართველი გუნდი ერთი დღის დაკარგვას არ აპირებს იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რაც აბსოლუტურად შესრულებადია, განვახორციელოთ, რათა სამართლიანად მივიღოთ 6 თვის თავზე ის, რაც გვეკუთვნის,"- განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარლმენტმა გადაწყვიტოს.
ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის შეთავაზებას უნდობლობას უცხადებს, ფიქრბს რა, რომ მმართველი გუნდი არ გეგმავს რეკომენდაციების შესრულებას და ინიციატივა მხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება.


