ანა ნაცვლიშვილი - შარლ მიშელის შეთანხმება დღეს აქტუალურია, როგორც არასდროს
05/07/2022 15:20:20 პოლიტიკა
“ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმება დღეს აქტუალურია, როგორც არასდროს.
მისი თქმით, თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი და აუცილებელი ნაბიჯი იყო და მმართველი პარტია მისი შესრულებისგან რომ არ გაქცეულიყო, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ექნებოდა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, შეთანხმებისგან ხელისუფლების გაქცევამ ქვეყანას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.
“შარლ მიშელის შეთანხმება დემონსტრაციულად და საჯაროდ “ქართულმა ოცნებამ“ დატოვა. ვალდებულებების შესრულებას “ქართული ოცნება“ გაექცა. ამიტომ მათი მხრიდან ვინმესკენ ხელის გაშვერა სხვა არაფერია, თუ არა პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების ძალიან უსუსური მცდელობა. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს ქვეყნის შიგნით არასამთავრობო სექტორი და თავად ბრიუსელი უწევდა. არასდროს არავის არც ბრიუსელში, არც თბილისში და არც სადმე სხვაგან არ უთქვამს, რომ “ლელომ“ შეთანხმება არ შეასრულა. ვისზეც საუბრობდნენ, რომ შეთანხმება დაარღვია - ეს არის “ქართული ოცნება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


