“საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, ამ პერიოდში პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები გაძლიერდნენ“
05/07/2022 16:33:34 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ერთი წლის თავზეც ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.
ამასთან, მისი თქმი, "ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას".
ამავე განცხადებაში პრეზიდენტი ერთგვარად ეხმიანება ომბუდსმენის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც პრორუსული ალტ–ინფოს ბაზაზე დაფუძნებული პარტიის აკრძალვას ეხება და ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს უკიდურესი ნაბიჯი უნდა იყოს, თუმა ეს შესაძლებელია
"ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია, საჭირო გახდეს.
ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.
ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!“, - წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.


