06-07-2022 17:50:02 კავკასია ,რეპორტაჟი
უკრაინის მიმართ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დროიდან რუსეთს ათასობით მოქალაქე ტოვებს. ბევრი მათგანი შიშობს, რომ ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტება და რუსეთიდან ვეღარ გააღწევს, ბევრი პუტინის რეჟიმის მიერ დაწყებულ რეპრესიებსა და დასავლური სანქციების ფონზე ქვეყანაში შიმშილის დაწყების პერსპექტივას გაურბის, ბევრსაც იმავე სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით საკუთარი ბიზნესის სხვა ქვეყნებში გადატანა სურს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში რუსეთიდან მოქალაქეთა გადინებამ მკვეთრად იმატა. მათ შორის, საქართველოსკენ ნაკადი 5-ჯერ გაიზარდა, სომხეთისკენ - 3-ჯერ.
ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მსურველთა შორისაა ჩრდილოეთ კავკასიის ბევრი მკვიდრიც. ამასთან, რუსეთის სხვა რეგიონებისა და ბელარუსის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები, ყაბარდო-ბალყარელები და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ასობით მაცხოვრებელი საქართველოში ვერ შემოდის. მესაზღვრეები მათ უარს მიზეზების განმარტების გარეშე ეუბნებიან. მიზეზებს არც საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებში განუმარტავენ.
რეზონანსული გამოდგა ყაბარდოელი ბლოგერის - ინსა ლანდერის ისტორია. რუსული ФСБ-ს მიერ "ტერორიზმის ხელშეწყობაში" დადანაშაულებული, იგი შინა პატიმრობიდან გაიქცა და რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზონაში ორი კვირა გაატარა. საბოლოო ჯამში, ქართველმა მესაზღვრეებმა ლანდერს ქვეყანაში შემოსვლის ნება დართეს, პოლიციის თანხლებით აეროპორტამდე მიაცილეს და ლიტვაში გაამგზავრეს.
თუმცა თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში დარჩენაზე უარი ფორმალურად შეიძლება, ლანდერისადმი წაყენებული ბრალდებით აიხსნას, ასობით სხვა შემთხვევაში საქართველოში არ უშვებენ ადამიანებს, რომელთაც კანონთან არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ.
ასე, მაგალითად, დაღესტნის მკვიდრი სახელად მაგომედი, რომელიც თბილისში 1 ივნისს ჩამოფრინდა, ბინა იქირავა და საქართველოს დედაქალაქში ორი კვირა იცხოვრა, მაგრამ შემდეგ პირადი საქმეების მოსაგვარებლად ზემო ლარსის გავლით შინ დაბრუნება მოუწია, 5 დღეში იმავე გზით – ზემო ლარსით საქართველოში აღარ შემოუშვეს. “შემიყვანეს № 222 კაბინეტში, სადაც თავიდან ტიპურ კითხვებს მისვამდნენ: სად და რა მიზნით მივდიოდი, ადრე თუ ვყოფილვარ, რა თანხა მქონდა თან. შემდეგ დერეფანში გამიყვანეს, სადაც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა ვიდეოკამერის თანხლებით განმიცხადა უარი", – იხსენებს მაგომედი. მამაკაცს წერილობითი გადაწყვეტილება წარუდგინეს, თუმცა მიზეზი არც მასშია განმარტებული. ერთ კვირაში კი ასევე უთხრეს უარი მის დასა და სიძეს, რომლებიც საქართველოს გავლით მოგზაურობაში აპირებდნენ წასვლას.
"გადამზიდავებსა და ადგილობრივებს შორის თვლიან, რომ მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია: შიშობენ, რომ ჩრდილოეთკავკასიელები საქართველოს გავლით უკრაინაში წავლენ საომრადო" – ამბობს მაგომედი. საჩივარი მამაკაცს არ წარუდგენია. ახლა იგი ცდილობს, თბილისში ნაქირავები ბინიდან პირადი ნივთები ნაცნობების მეშვეობით დაიბრუნოს.
დაღესტნელ აიშას გაუმართლა: მაისის შუა რიცხვებში მესაზღვრებმა იგი შედარებით მარტივად შემოუშვეს საქართველოში, სადაც პირველად მოხვდა. "გვერდზე გაგვიყვანეს სხვა ახალგაზრდებთან ერთად – ისინი რუსები იყვნენ. ჩვენთვის მესაზღვრეებს არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრების დრო გვკითხეს, ისინი კი სათითაოდ შეჰყავდათ კაბინეტში. პროცესი კარგახანს გაგრძელდა – ავტობუსმა კინაღამ გაგვასწრო. მაგრამ როდესაც ორი წვერებიანი ჩეჩენი გამოჩნდა, მესაზღვრეებმა ჩვენს მიმართ ინტერესი დაკარგეს და პასპორტები დაგვიბრუნეს", – ყვება ახალგაზრდა ქალი, რომლის ვარაუდით, მესაზღვრეები შესაძლოა, “ცნობილი მიზეზების გამო” გარკვეულ საფრთხეს ხედავდნენ ჩრდილოეთკავკასიელებში.
ჩეჩენი იბრაგიმი, რომელსაც აშშ-დან მანქანები ჩამოჰყავს, 2017 წლიდან საქართველოში 111-ჯერაა ნამყოფი, 112-ედ კი არ შემოუშვეს. “რაღაც ქაღალდი მომცეს. ვუთხარი, რომ ინგლისურად და ქართულად ვერ წავიკითხავდი, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. მითხრეს მხოლოდ, რომ შემიძლია, 10 დღის განმავლობაში გავასაჩივრო უარი. დავწერე საჩივრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროშიც, საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაშიც, მაგრამ არავინ მიპასუხა", – ამბობს იბრაგიმი.
მამაკაცი ყვება, რომ საზღვარზე ყოფნის პერიოდში რამდენიმე ათეული ჩეჩენი და ინგუში ქალის გაბრუნებას შეესწრო, მათ შორის ზოგს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა ხელში. ერთ-ერთი ქალი საქართველოში სამკურნალოდ მიდიოდა, ამის დამადასტურებელი საბუთებიც ჰქონდა და მესაზღვრე ექიმსაც დაალაპარაკა, თუმცა მაინც უარით გაისტუმრეს.
ყაბარდოელი მურადი მეუღლესთან, ორი წლის შვილთან და მეგობრებთან ერთად მექაში აპირებდა გამგზავრებას და საუდის არაბეთისკენ ბილეთები შეიძინა საქართველოდან გაფრენით. "ნალჩიკში ბევრი ქართველი მეზობელი გვყავს და ცოტა ქართული ვიცი. არასოდეს ვყოფილვარ აღრიცხაზე, არ მაქვს ნასამართევობა, არ მქონია არავითარი პრობლემა კანონთან. საზღვარზე ჯერ № 111 კაბინეტში გაგვიშვეს, სადაც დაგვხვდნენ მგზავრები ბელარუსიდან, უკრაინიდან და ცხინვალიდან, ხოლო შემდეგ - № 222-ში. იქვე, დერეფანში იატაკზე მსხდომი ჩეჩენი გოგოები დაგვხვდნენ. თურმე, კაბინეტში შესვლას დღის მთელი მეორე ნახევარი ელოდნენ. ათობით ადამიანი იყო იმ რიგში – წვერიანებიც, უწვეროებიც, ქალებიც, ბავშვებიც, როგორც კავკასიური, ისე სლავური გარეგნობის ჩრდილოეთკავკასიელები. როცა საბოლოოდ იმ პატარა კაბინეტში შევაღწიე, დეტალურად გამომკითხეს, რა მიზნით მივდიოდი, ფოტოები გადაგვიღეს ჩვენც, ჩვენს ბილეთებსაც, სხვა საბუთებსაც და ვიღაცას გადაუგზავნეს "ვათსაფით". ცოტა ხანში შემოვიდა კიდევ ერთი თანამშრომელი ვიდეოკამერით და საქართველოში შეშვებაზე ოფიციალური უარი განგვიცხადა ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავს" – ყვება მამაკაცი.
მურადი იხსენებს, რომ მის იქ ყოფნაში თანხმობა პრაქტიკულად არავის მიუღია, მთელი ავტობუსი გააბრუნეს უკან. იყო ასევე შემთხვევები, როცა მშობლები და ერთი ბავშვი გაატარეს, ხოლო მოზარდ გოგონას უარი უთხრეს. მურადის ერთ-ერთ მეგობარს კი იმანაც არ უშველა, რომ მეუღლე საქართველოს მოქალაქე ჰყავს.
“არავინ არაფერს განმარტავს. რომ ვიცოდეთ კრიტერიუმები, ვეცდებოდით მათ დაკმაყოფილებას, მაგრამ ისინი უცნობია", – ამბობს მურადი.
აი, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებს კი, მისი ინფორმაციით, უპრობლემოდ ატარებენ, ისევე, როგორც რუსეთის სხვა რეგიონების მკვიდრთ და უკრაინელებს.
იუთუბ-არხის "Мысли Ислама" ავტორმა ისლამ ბელოკიევმა განუცხადა Кавказ.Реалии-ს, რომ მას არაერთი ჩეჩენი და ინგუში მიმართავს, რომლებსაც საქართველოში შესვლა აუკრძალეს. მისი ვარაუდით, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პირთა საფარქვეშ არ აღმოჩნდნენ რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, უპირველესად კი – ე.წ. კადიროველები. "ეს რისკისშემცველია უპირველესად, იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ, საქართველოში გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ. გარდა ამისა, ეს მიზანშეუწონელია პოლიტიკურადაც: ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთის ხელისუფლების მაკრიტიკებელ საეთაშორისო თანამეგობრობას მოეწონოს, თუ საქართველო მიიღებს ძალოვანებს ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან, ან მათთვის თურქეთში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში გასვლას უზრუნველყოფს", – განმარტავს ბელოკიევი.
თავად საქართველოს ხელისუფლება დუმს. ქვეყანაში არშეშვების მიზეზებთან დაკავშირებით პროფილურ უწყებებში არც Кавказ.Реалии-ს უპასუხეს.