"მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს"
06/07/2022 16:21:00 პოლიტიკა
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ამით გავუგზავნეთ ძლიერი გზავნილი მათ ხალხს და ჩვენს ევროკავშირის მოქალაქეებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
კერძოდ, გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დეკემბრამდე უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში გაიზრდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი":
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა, და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.


