"ევროკავშირის გზავნილი ნათელია, დროა, საქართველოს მთავრობა თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს"
06/07/2022 19:02:06 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ დროა, საქართველოს მთავრობა “საქმეს შეუდგეს”. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა და გააზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეა საუბარი.
“ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა, რომ საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა „ტვიტერში" პირად გვერდზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია და მზად არიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები შესრულდება.


