ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია
07/07/2022 05:50:48 პოლიტიკა
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება სრულად უნდა განახორციელოს.
რეზოლუციის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია გაუარესებულია. დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციასა და ქართული კულტურული ძეგლებისთვის სახის შეცვლასა და მათ განადგურებაზე. ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეა ამ ვითარებას უწოდებს რუსული ოკუპაციის და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის შედეგებს.
ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესია 2-6 ივლისს გაიმართა. ასამბლეის შემაჯამებელ დოკუმენტში უდიდესი ნაწილი ეთმობა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ასევე, მოლდოვაში შექმნილ ვითარებას. რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ 5 ივლისს მოსკოვში განაცხადა, რომ ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აღიარებენ, რადგან საკითხების განხილვა რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა.


