არახამია განმარტავს, ვინ იგულისხმა მაკფოლმა სანქციების ნაწილში
07/07/2022 08:03:41 პოლიტიკა
უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები სანქციების დაწესებას განიხილავენ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის და არა “ქართველი ხალხისთვის”.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა მაიკ მაკფოლმა სანქციებზე საუბრისას სწორედ ეს იგულისხმა.
“მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტებში განიხილება საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის საკითხი. პირველ რიგში, მინდა დავამშვიდო უბრალო ქართველები, ქართველი ხალხი, ბუნებრივია, არავინ დაზარალდება. საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე. როგორც იცით, ევროკავშირში საქართველოს მიღების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. ბუნებრივია, დახმარებაა საჭირო, რომ შემცირდეს ოლიგარქების გავლენა პოლიტიკასა და საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, ამისგან გათავისუფლების და მისი შემცირების პრობლემა არსებობს. ყველა ძალოვანი, პოლიტიკური სტრუქტურა, მთავრობა და საკვანძო სამინისტროები ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ კონტროლდება. ამიტომ საქართველო თავად ვერ გათავისუფლდება ამისგან, რის გამოც ამაში საერთაშორისო პარტნიორები ჩაერევიან”, – განაცხადა, ტელეკომპანია "პირველის" ცნობით, არახამიამ.
ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ივანიშვილი დასავლურ სანქციებს დაექვემდებაროს.
"ფორმულას" ჟურნალისტის კითხვაზე, "რამდენად განიხილავთ იმ შესაძლებლობას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს?", ადვოკატმა შემდეგი განაცხადა:
"საერთოდ არ განვიხილავთ ამ საკითხს".
ამასთან, დღეს ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა იურიდიულმა კომპანიამ MKD–მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო ბანკი სასამართლოს თანხმობის გარეშე ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს.
კომპანიის განცხადებით, ივანიშვილს აქვს ეჭვი, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.
6 ივლისს მაიკ მაკფოლმა განაცხადა, რომ ემაკი-მაკფოლის ჯგუფი იწყებს მსჯელობას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის. თუმცა მაკფოლს არ დაუკონკრეტებია კონკრეტული პირები, ვისი სანქცირების საკითხი შეიძლება, განიხილონ.


