"რუსეთმა მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელიც "ოცნების" ლიდერებს გზავნილებს უკონტროლებს"
07/07/2022 10:34:31 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, "სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთმა საქართველოში მოავლინა ეფ ეს ბე-ს ჯგუფი, რომელმაც "ქართული ოცნების" ლიდერებს მისცა დავალება, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით კონკრეტული გზავნილები გააჟღერონ".
მისი თქმით, "ეფ ეს ბე-ს ჯგუფის წევრები "ქართული ოცნების" ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს უკონტროლებენ".
ამასთან, ვაშაძის თქმით, "აქვთ სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაშია ჩართული და დეტალურ ინფორმაციას, დაზუსტების შემდეგ გაავრცელებს":
"სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ივანიშვილთან, სხვებთან დაკავშირებითაც. მინდა, გაცნობოთ საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი. სანქციების საკითხის გადასაფარად, სპეციალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა ეფ ეს ბე-ს კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, თითქოს სანქციების დაწესება იმის გამო მიმდინარეობს, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა იყო 3 ადამიანის [დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის] გამოყოფა "ოცნების" მხრიდან, რომელთაც ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ეფ ეს ბე-ს მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ამ 3 ადამიანს აქვს ნულოვანი ნდობა, სწორედ ამიტომ, პირდაპირ "ქართული ოცნების" ლიდერებს მიეცათ დავალება, ეფ ეს ბე-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად, მათივე ენით მიწოდება კობახიძიდან დაწყებული, სხვებით დამთავრებული ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ახლა ოფიციალურად მომაგრებული არიან კურატურები ეფ ეს ბე-ს მხრიდან რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ "ქართული ოცნების" ლიდერებს კონკრეტულ გზავნილებს. მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვინც საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრათ, როგორც კი გაიგებთ ომში ჩართვასთან დაკავშირებით ეფ ეს ბე-ში დაწერილ ნარატივს, იცოდეთ, ეს არის ეფ ეს ბე-ს კურატორების მიერ, მათი დავალებით გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც აკეთებენ "ოცნების" ლიდერები. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან, გადაგვიყვანონ ომის თემებზე სასაუბროდ".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
კერძოდ, გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დეკემბრამდე უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში გაიზრდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი":
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა, და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.


