Accentnews.ge
"სტატუსის მიღების შემდეგ მივიღებთ კანონს, რომ 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდეს"

"სტატუსის მიღების შემდეგ მივიღებთ კანონს, რომ 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდეს"

07/07/2022 11:15:24 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც დეკემბერში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს პარლამენტი კონსტიტუციურ კანონს მიიღებს, რომლის თანახმადაც 2024 წლის და შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული. ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი - „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება: მაგალითისათვის, შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთ სხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს; თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ ორმა სატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა; ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არ ექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაც არსებითად შეამცირებს. როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა", – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო მიირებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, როგორც კი ქვეყნისთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობა შესრულდება.

კერძოდ, ევროკომისიის ერთ–ერთი რეკომენდაციაა, "მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, "19 აპრილის შეთანხმების" სულისკვეთებით. [...] გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო; მოგვარდეს ამ პროცესში ეუთო/ოდირისა და ევროპული საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები".

რაც შეეხება "19 აპრილის შეთანხმებას", ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთახმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, გარდამავალ დებულებებში აისახება, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო პრინციპით გაიმართება, რა დროსაც ბარიერი 2%–ით განისაზღვრება. ცვლილებების მისაღებად კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენაზეცაა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S